ახალი ამბები

„თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს“ — ღარიბაშვილი მოსმენებზე

17 სექტემბერი, 2021 • 1326
„თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს“ — ღარიბაშვილი მოსმენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში დღეს, 17 სექტემბერს, განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს სასულიერო პირებს, ეს შეიძლება ხდებოდეს კანონიერად და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.

„თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს, ყველა იმ მნიშვნელოვან პირს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ როლს ატარებენ. აქედან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული, თუ ვინმეს უსმენდნენ კანონიერად, არ ვიცი ახლა… უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ მათ კანონიერი საქმიანობა განახორციელონ“, — თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, შესაძლოა, ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, სუსიდან გავრცელებულ ფაილების 2-3% შესაძლოა, იყოს კანონიერი გზით მოპოვებული და გასარკვევია, რა ნაწილია კანონიერად მოპოვებული და რა ნაწილი — უკანონოდ. შესაბამისად, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ამ ფაილებში მტყუან-მართალი არეულია და ეს ყველაფერი გაკეთდა წინასაარჩევნოდ აჟიოტაჟის შესაქმნელად.

„მიზანი იყო, რომ მომხდარიყო უთანხმოების ჩამოვარდნა მთავრობასა და ეკლესიას შორის. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ ფაილების გავრცელების უკან ოპოზიცია დგას, რადგან მათ არ ჩაუტარებიათ საარჩევნო კამპანია და ერთადერთ იმედს სწორედ მსგავს აჟიოტაჟზე ამყარებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ფაილების გავრცელებას უწოდებს „შეთქმულებას სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ“. ის პირობას სდებს, რომ ყველა დაისჯება, ვინც ამის უკან დგას.

რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გავრცელდა, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ათასობით ფაილი, სადაც ძირითადად თავმოყრილია სასულიერო პირების მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მათი პირადი ცხოვრების, ბიზნესისა თუ სხვა ტიპის საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ფაილებიდან ჩანს, რომ დაკვირვების ობიექტები არიან როგორც სასულიერო პირები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და საელჩოების წარმომადგენლებიც კი.

ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი