ახალი ამბები

ნამახვანჰესზე მედიაცია უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით – თვალაბეიშვილი

17 სექტემბერი, 2021 • 2195
ნამახვანჰესზე მედიაცია უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით – თვალაბეიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ეხმაურება „რიონის ხეობის მცველების“ გადაწყვეტილებას, დატოვონ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით დაწყებული მედიაციის პროცესი ნამახვანჰესის საკითხზე.

„ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მედიაცია „არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება“.

„რიონის ხეობის მცველებიმა“ 17 სექტემბერს განაცხადეს, რომ მედიატორი, – ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე, – იხრება საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ:

„ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული“, – ეწერა მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.

თვალაბეიშვილის განცახდებით, სამინისტროს კვლავაც მიაჩია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მედიაცია ეფექტიანი ფორმატია მხარეების პოზიციების დაახლოებისათვის, საბოლოოდ კი, „საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად“.

„შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, მედიაციიდან „რიონის ხეობის მცველების“ გასვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ პროტესტში მონაწილე ზოგიერთი ორგანიზაციის მიზანი არა „ნამახვანის ჰესის“ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში ობიექტურად გარკვევა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მიღება, არამედ მხოლოდ პროექტის უპირობო, ყოველგვარი საფუძვლისა თუ მიზეზის გარეშე გაჩერებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ მედიაციის დაწყებიდან დღემდე კარგად გამოიკვეთა, თუ ვის მიზნებშია „ნამახვანის ჰესის“ პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

„რიონის ხეობის მცველების“ მიერ მედიაციის პროცესის დატოვების შემდეგ,  არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციაში მონაწილეობას აგრძელებენ.

„ყველას თავისი გზა და ამოცანა აქვს. ჩვენ გვსურს, ექსპერტიზა სერიოზულად ჩატარდეს. მათ თავიანთი პოზიციები აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანად არ ვმუშაობთ, რომ გაკეთდეს საუკეთესო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინო ჩხობაძემ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან – „პროტესტი გრძელდება“

მასალების გადაბეჭდვის წესი