ახალი ამბები

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან – „პროტესტი გრძელდება“

17 სექტემბერი, 2021 • 3474
„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან – „პროტესტი გრძელდება“

ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს.

„რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს.

მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს.

რა არგუმენტები აქვს მოძრაობას

„რიონის ხეობის მცველების“ თანახმად, მოძრაობის მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთან რაიმე სახის დიალოგს ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა და არც ამ მედიაციის მიმართ ჰქონია დიდი მოლოდინი.

„ხანგრძილივი, მშვიდობიანი და კონსტრუქციული პროტესტით ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ცივილიზებული ფორმა, ყველა არსებული ტრიბუნა სამართლიანობის დასადგენად, ამასთანავე, მივცეთ საშუალება ხელისუფალსაც, იყოს სამართლიანი“, – წერს მოძრაობა.

თუმცა „მცველები“ ასევე ამბობენ, რომ მედიატორი, – ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე, – იხრება საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ:

„ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული“.

„რიონის ხეობის მცველების“ ვრცელი არგუმენტები ასეთია:

რა ელის მედიაციას?

„ნეტგაზეთს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განუცხადეს, რომ მათი ორგანიზაცია აგრძელებს მედიაციაში მონაწილეობას.

მედიაციის პროცესში ასევე რჩება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“.

„ყველას თავისი გზა და ამოცანა აქვს. ჩვენ გვსურს, ექსპერტიზა სერიოზულად ჩატარდეს. მათ თავიანთი პოზიციები აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანად არ ვმუშაობთ, რომ გაკეთდეს საუკეთესო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინო ჩხობაძემ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარის მისაღებად.

უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი