ახალი ამბები

“ოცნება” საია-ს, TI-ის და ISFED-ის ანგარიშებს აკრიტიკებს

17 სექტემბერი, 2021 • 1112
“ოცნება” საია-ს, TI-ის და ISFED-ის ანგარიშებს აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” განცხადებით, თვითთმართველობის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ამ ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილი შემთხვევები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეა მომხდარი და, შესაბამისად, ” ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია”.

ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომელმაც სამი ადგილობრივი ორგანიზაციის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “სამართლიანი არჩევნების”  შუალედური ანგარიშების ძირითადი მიგნებები განიხილა.

“მაგალითად, საია-ს ანგარიში იწყება 1 მაისიდან, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის და ISFED-ის ანგარიშები – 1 ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ,  ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. ,,ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ.

ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი  შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევა”, – აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, სამივე ანგარიშში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“. მისი შეფასებით, ამგვარი განცხადებები საზოგადოებისთვის ბუნდოვანს ხდის, კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ორი თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმა და ამ რეფორმის პროცესში ყველა საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, აიკრძალა კანონმდებლობით. მისი თქმით,  რეფორმიდან ორი თვის თავზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობების შეფასება და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენს, პარტიის შეფასებით, არ პასუხობს “კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს”.

“ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ დამატებითი კრიტერიუმებით შეაფასონ პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის აღქმადი გახადონ, მათი დასკვნის რომელი ნაწილი შეეხება კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას და რომელი ნაწილი შეეხება ამ ორგანიზაციების დამატებით შიდა კრიტერიუმების თუ სტანდარტების დარღვევას. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის დარღვევისა და ორგანიზაციის შიდა სტანდარტის დარღვევის ერთ სტატისტიკაში გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რაც წარმოშობს ცრუ აღქმას დარღევების რაოდენობასა და სიმძიმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც “ოცნების” შეფასებით არასამთავრობოების ანგარიშში გამოიკვეთა, არის ის, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, “რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს, ან  სუბიექტურ აღქმებს, ისე, რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი”.  პაპუაშვილი მოუწოდებს ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ “მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიეთ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი”.

პაპუაშვილის თქმით, მნიშნველოვანია, ორგანიზაციებმა მათი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენს.

“გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ორ ორგანიზაციას – ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ მიერ შექმნილ ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“, რომლის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს 9 სექტემბრის ბრიფინგზე დოკუმენტურად დავადასტურეთ. ნიშანდობლივია ასევე, რომ ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო დაფარულია.

აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ. ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინონ და დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებით და საქმიანობის მიზნების მიმართ”, – აცხადებს პაპუაშვილი.

“ოცნების” განცხადებას გამოეხმაურნენ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც მმართველი გუნდის შეფასებები სადამდკვირვებლო ორგანიზაციების დისკრეტიდაციის მცდელობად შეაფასეს.

“ეს ალბათ იმას ემსახურება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ, რომ მერე ჩვენ არ დაგვიჯერონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ალბათ მთავარი მიზანი, ეს ახალი არ არის[…] უცნაურია, როდესაც მმართველი პარტია ამხელა რესურსს ამაზე ხარჯავს. ეს ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო კამპანიაზე იყვნენ ორინტირებული და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს ჩვენ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოდგენილი, ხდება ასეთ საქმეებს აქცენტის გაკეთება”, – განაცხადა  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

საია-ს წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდეც ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკა მათი სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება.

“ჩვენს  მეთოდოლოგიაშიც და უშუალოდ ანგარიშის ტექსტშიც ძალიან მკაფიოდ გვიწერია, თითოეულ ფაქტთან მიმართებაში რა არის დარღვევა და რა არ არის კანონდარღვევა, მაგრამ არის ცუდი ტენდენცია ჩვენი შეფასებით[…] ეს არის ძალიან რაციონალური სტრატეგია ხელისუფლების, რაც შეიძლება მეტი შეტევა მიიტანონ ჩვენს ანგარიშებზე სწორედ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ მისი სანდოობა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი