ახალი ამბებირეკლამა

ახალი დასასვენებელი ადგილი ისტორიულ აგარაკებთან, პლაჟთან ახლოს – ციხისძირის შუქურა

17 სექტემბერი, 2021 • 20341
ახალი დასასვენებელი ადგილი ისტორიულ აგარაკებთან, პლაჟთან ახლოს – ციხისძირის შუქურა

ციხისძირში, პეტრას ციხეს რომ გასცდებით, მთავარი გზატკეცილიდან ერთ ასახვევს მიადგებით, რომელიც შუქურას უბნამდე მიგიყვანთ.

„შუქურა“ – ასე ერქვა საბჭოთა ეპოქაში დასასვენებელ სახლს და 7000 კვადრატულ მეტზე მეტ ტერიტორიაზე გაშენებულ ეზოს, ხეივანს, რომელიც პლაჟამდე მიდის.

ადგილს ისევ შუქურა ჰქვია. ამავე სახელწოდების დასასვენებელ სახლში ახლა ნაყინის კაფეა. ობისგან გამწვანებული და ნესტისგან განაცრისფერებული კედლები კაფეს დეკორად მოიაზრეს, შენობის უსახურავო ნაწილიც დეკორს ჰგავს. მწვანეში ჩაფლული ეზო ძველი, ავარიული სახლით ერთგვარი ხიდია წარსულს და აწმყოს შორის.

შეუძლებელია აქ მოხვიდე და არ დაფიქრდე ადამიანებზე, ვინც ამ შენობის კარებს ყოველდღე აღებდა, ზაფხულობით ისვენებდა და ზღვის ამინდსაც ელოდა, ალბათ, შემოდგომის დღეებში.

ჭაღი, კედლები, ავეჯი, იატაკის ფილები თუ მაგიდები ყველაფერი ავთენტურია, არც გჭირდება წარმოსახვა. მთელი თავისი დიდებულებითაა წარსული თვალწინ საგნებით, სუნით და ფერებით. მხოლოდ ის ადამიანები აღარ არიან აქ, ვინც ზუსტად იმ გარემოში იყო, სადაც ახლა შენ ხარ და არავინ იცის ვინ რაზე ფიქრობდა, როცა ამ სახლში ისვენებდა, სადაც ახლა ნაყინს უკვეთავ.

სახლის წინ დიდი მინდორია, მზის გულზე ფერადი შეზლონგებით, იქვე მაგიდის ჩოგბურთის თამაშიც შეგიძლია, ან უბრალოდ დიდხანს, დიდხანს ხეტიალი ნაძვნარში.

„შუქურას” ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლებსაც უვლიან, აჭმევენ და იფარებენ. ძაღლები აქ ძალიან უყვართ, ისინიც უდარდელად მიდი-მოდიან. სტუმრებიც ეფერებიან და აჭმევენ.

შუქურას ტერიტორია და ახლომახლო სხვა სახლები რუსეთ-თურქეთის ომში მებრძოლ რუს გენერლებს გადასცა რუსეთის იმპერატორმა ომის დამთავრების შემდეგ.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა გენერლების შთამომავლებს საიმპერატორო მიწები და აგარაკები ჩამოართვეს და დასასვენებელ სახლებად გადააკეთეს. ასე იქცა მაგალითად გენერალ ზელენსკის, პომორსკისა და უშაკოვის ულამაზესი სახლები სანატორიუმებად სახელწოდებით „დრუჟბა“, „ვეწეროკი“ „რადუგა“.

გენერალ ზელენსკის სახლი ციხისძირში, გასაბჭოების შემდეგ დასასვენებელი სახლი „ვეწეროკი”

სანაყინედ ქცეულ ყოფილ სანატორიუმ „შუქურას“აუცილებლად უნდა ჩაუყვეთ ზღვისკენ, საითაც ნაძვებითა და მაგნოლიებით დაბურული უგრძესი, კიბეებიანი ხეივანი მიემართება.

გზად ხის ძველ სახლებში მოწყობილი ტერასებიანი რესტორანი და ლუდის ბარია,  სადაც გემრიელი კერძებიც დაგხვდებათ და სასიამოვნო, კარგი მუსიკაც.

საბჭოთა ეპოქაში ციხისძირის ყველა დასასვენებელ სახლს საკუთარი პლაჟი და შესაბამისად იქამდე მისასვლელი საკუთარი ხეივანი ჰქონდა. ახლა „შუქურას“ სწორედ ასეთ ხეივანს გავდივართ.

კაფეს შემდეგ გზად გაივლით ხელოვნურად მოწყობილ პატარა ტბას, ჩანჩქერს, ბამბუკების კორომს და ბანანის ხეივანს. აქ უამრავი ადამიანი მოდის ყოველდღე ფოტოების გადასაღებად. ინსტაგრამერებისთვის ეს გადასაღებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ქობულეთში.

ხეივნის ბოლოს სახელდახელოდ მოწყობილ პლაჟს მიადგებით, აქვეა ბარი და გასარუჯად მოსახერხებელი სივრცეც. ზღვა ციხისძირში ძალიან სუფთაა, კლდოვანი სანაპიროთი.

„შუქურას“ ყოველდღიურად უამრავი სტუმრობს, ტურისტებიც და ადგილობრივებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი