ახალი ამბები

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ციხეს ტოვებს

17 სექტემბერი, 2021 • 1624
მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ციხეს ტოვებს

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მაია რჩეულიშვილის შვილმა,  გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება უკავშირდება ახალ ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მათ მიწეი ახალ ინვესტორს გადასცეს.

კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომპანიების — “სი-ემ-სი”, “მეტა”, “ნექსთ დორი”, “იქს მშენი”, “არქი დეველოპმენტი” — წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, შედეგად ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს.

შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას პროკურატურამ ბრალი 2017 წელს წარუდგინა. აღნიშნული გულისხმობს თაღლითობას – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, დიდი ოდენობით. 2019 წლის 10 აპრილს სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი