ახალი ამბები

“ყველას ვუხდი ბოდიშს და მადლობა მერიას” — მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი, 2021 • 1829
“ყველას ვუხდი ბოდიშს და მადლობა მერიას” — მაია რჩეულიშვილი

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

“პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე — უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდში დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. შპს-ები ინვესტორებს გადაეცათ და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. დასამთავრებელია 5 დიდი ობიექტი, დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე დამამთავრებელი სამუშაოები მიდის. მერია არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების”, — განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბიზნესში დაბრუნებას და “ცენტრ პოინტის” საქმიანობის გაგრძელებას, რჩეულიშვილმა უპასუხა: “მე მგონი, არ ვაპირებ, დავბრუნდე. ალბათ, სხვანაირ ფორმას გამოვნახავ”.

შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას პროკურატურამ ბრალი 2017 წელს წარუდგინა. აღნიშნული გულისხმობს თაღლითობას – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, დიდი ოდენობით. 2019 წლის 10 აპრილს სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 17 სექტემბერს მაია რჩეულიშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის 15 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმი. რჩეულიშვილების ოჯახის თქმით, შეთანხმებსი ფარგლებში მათ მიწები და შპს-ები ახალ ინვესტორს გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი