ახალი ამბები

გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

12 მარტი, 2020 • 3472
გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი, რომელსაც დღეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, რჩეულიშვილს ბრალად ედება ოჯახის წევრის, კერძოდ კი მეუღლის, მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. უწყების თქმით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად პროკურატურას, განცხადებაში უწყება წერს, რომ რჩეულიშვილი პროცესზე არ გამოცხადებულა.

„არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ასევე წერს, რომ რჩეულიშვილის წინააღმდეგ ასევე მიდის გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი