ახალი ამბები

“ნარკომანი; კოკაინშიკი” – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია თუ სტიგმის გაძლიერება

20 სექტემბერი, 2021 • 1682
“ნარკომანი; კოკაინშიკი” – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია თუ სტიგმის გაძლიერება

დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იწვევდა იმავეს გაკეთებისკენ.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

იმის განხილვისას, უნდა ჩაეტარებინათ თუ არა მერობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმება, პოლიტიკოსებმა წამალდამოკიდებული ადამიანების ცალსახად უარყოფით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენიეს, მათ შორის გამოიყენეს ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა “ნარკომანი” და “კოკაინშიკი”.

შეიძლება თუ არა მსგავსმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფროს სტიგმები, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხამრებლების ან წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში უკვე არსებობს? – ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ზუსტად ასე მოხდება და პოლიტიკოსებს ურჩევენ, რომ ნაცვლად მსგავსი განცხადებებისა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმაზე იფიქრონ, რომელიც წამალდამოკიდებულ ადამიანებს დასჯის ნაცვლად მკურნალობის, სერვისების მიღებისა და რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს.

“ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდიდან” “ნარკომან-კოკაინშიკამდე”

საქართველოს კანონმდებლობით არაერთ საჯარო მოსამსახურეს უწევს ნარკოლოგიური ტესტირების გავლა თუმცა კანონმდებლობა თბილისის მერობის კანდიდატებს ამ პროცედურების გავლას არ ავალდებულებს.

მიუხედავად ამისა, ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მაინც გადაწყვიტა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა, რომ იგივე გაკეთებინათ. ” ყველა კანდიდატს ვიწვევ, ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთა ვართ”, – განაცხადა კალაძემ 4 სექტემბერს, ორ დღეში კი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ანალიზებიც ჩააბარა.

როგორც კალაძემ და სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა განაცხადეს 6 სექტემბერს, თბილისის ამჟამინდელი მერის ანალიზების პასუხები ჩატარებულ ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე უარყოფითი აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ კალაძე “სუფთაა”.

გური მენაბდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის კანონმდებლობით საჭიროა ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირება. ესენია: მორფინის ჯგუფი, მარიხუანა, ამფეტამინი, მეტადონი და ბუპრენორფინი. თუმცა ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კახა კალაძემ დამატებით კიდევ სამ ნარკოტიკულ საშუალებაზე მოისურვა ანალიზების ჩაბარება. ესენია: კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. ექსტაზი, ანუ MDMA. ანალიზების მიხედვით კალაძე ამ ნარკოტიკულ საშუალებებზეც “სუფთა” აღმოჩნდა.

იმავე დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მივიდა სტუმრად, სადაც პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატს ჟურნალისტმა ჰკითხა, შეუერთდებოდა თუ არა ის კალაძის ინიციატივას, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მას ამასთან დაკავშირებით “არანაირი პრობლემა არ აქვს” და ჩაბარებულიც აქვს რამდენჯერმე ნარკოტესტი. ასევე აღნიშნა, რომ ანალიზებს გაიკეთებდა მაშინ, როცა ამის დრო ექნებოდა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა კონკრეტული დროის დასახელება სთხოვა.

“რა მნიშვნელობა აქვს მე ამას ხვალ გავაკეთებ თუ ზეგ გავაკეთებ, როცა დრო მექნება, გავაკეთებ. კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს”, – განაცხადა გახარიამ.

კალაძის მოწოდებას 6 სექტემბერს გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც კალაძეს “ურჩია”, რომ ნარკოლოგიური შემოწმება “ქართულ ოცნებაში” ჩაეტარებინათ, რადგან პარტიაში “ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენდა”.

8 სექტემბერს კი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლიდა და აღნიშნა, რომ კახა კალაძისთვის მთავარი “დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე საუბრობდეს”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” მერობის კანდიდატმა, თამარ კეკელიძემ კი გთქვა, რომ ის შემოწმებას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაივლიდა.

“ვაპირებ, რომ გავიკეთო ტესტი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, თუ თბილისის ამომრჩეველი თბილისის მერად ამირჩევს”, – განაცხადა კეკელიძემ ტელეკომპანია “იმედთან”.

მიუხედავად იმისა, რომ არც გახარიას და არც სხვა კანდიდატებს ცალსახად არ დაუფიქსირებიათ, რომ ნარკოლოგიური ტესტის გაკეთებას საერთოდ არ გეგმავდნენ, კახა კალაძემ 8 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: “ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ” ოპოზიციური კანდიდატები ნარკოლოგიურ ტესტს. კალაძემ ასევე უარყო, რომ მას რაიმე ინფორმაცია ჰქონდა კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, 13 სექტემბერს, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ანალიზებს არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებდა.

“მარტივია, გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდგომ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მაქინა, რომელიც მუშაობს ადამიანის ბრალდებაზე გვერდიდან, სუბიექტურად.

შემდეგ ერთ-ერთ შენივე პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, “რუსთავი 2-ზე” გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშნელოვან ინტერვიუს ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს პრიმიტიული კითხვით: ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა? შემდგომ ამას მოჰყვა სუს-ის პირობებში მთელი სახელმწიფო მექანიზმის მიერ ინფორმაციის დალექვა გახარიას ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მას უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა პროვოკაციის შესახებ, რომელიც “ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით მზადდებოდა”. აღნიშნულ განცხადებას სამხარაულის ეროვნული ბიუროც გამოეხმაურა, და გახარიას მხრიდან მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადების გაკეთებას ბიუროს დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

თუმცა საბოლოოდ გიორგი გახარიამ ნარკოტიკულ საშუალებებზე ანალიზების გაკეთება მაინც ევროპაში არჩია და 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ავსტრიაში იმყოფებოდა, ანალიზებიც ჩააბარა და პასუხების თანახმად ნარკოტიკის მოხმარება არ დაუფიქსირდა.

“ქართულ ოცნებაში” ამ პერიოდის განმავლობაში მიანიშნებდნენ, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების გავლა არ სურდა, რადგან ის თავად შეიძლება ყოფილიყო ნარკომომხმარებელი.

16 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემა“-ში ღიად განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და მას “კოკაინშიკი” უწოდა.

“ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც “კოკაინშიკზე” დავხარჯოთ 15 წუთი”, – განაცხადა კობახიძემ, რაზეც ჟურნალისტმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ ვის გულისხმობდა “კოკაინშიკში”.

“ხომ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ. ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, და მერე იცით, რომ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. ეს არის ეს ადამიანი. ეს პრობლემა, ჩვენი ინფორმაციით, მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. დანარჩენი, მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს ის, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. მარტივად არის აქ საქმე. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად. კახი კალაძე გამოვიდა სრულიად სხვა ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის, უცბად ეს კაცი აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა, მერე რომ გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ თურმე მას ჰქონია სერიოზული პრობლემა და კეთილი ინებოს, მოიტანოს ტესტის პასუხი”, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე კი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა პოლიტიკოსმა “ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე” უნდა გაიკეთოს ნარკოტესტი, რის შემდეგაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე დაიწყო საუბარი და ის ორჯერ მოიხსენია “ნარკომანად”:

“ჩვენ არა ერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ ჩართვები რა თქმა უნდა ამის დამადასტურებელია. იმის და მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია ნამდვილად გახარიას ეს რეაქცია, თუმცა მე მესმის სოლიდარობა, რომელიც ვნახეთ მელიას და სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს და ბადებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მან პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, რაზეც ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა “ნარკომანი” საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს:

“სააკაშვილის, ამ ნარკომანი არასერიოზული კაცის, მოწოდებები გუშინაც თუ ნახეთ, ნებისმიერ დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

“ინიციატივის” გავლენა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებზე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, გურო იმნაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ კალაძის ინიციატივა და შემდეგ განვითარებული მოვლენები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს ცალსახად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და მათ ღირსებას ლახავს, რაც არსებულ სტიგმას კიდევ უფრო აძლიერებს.

“უშუალოდ ნარკოპოლიტიკის კონტექსტში ჩვენ წინასაარჩევნოდ ყოველთვის ვხედავთ ხოლმე ამ თემის გააქტიურებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნოდ ნარკოპოლიტიკის და ნარკოტიკის მომხმარებლების საკითხს პარტიული ინტერესებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ოღონდ კიდევ უფრო მძიმე და სამწუხაროა ის, რომ თუ წარსულ წლებში ეს საკითხი უფრო პოზიტიური დღის წესრიგის საკითხი იყო, ანუ რა უნდა შეიცვალოს, როგორი ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს, დღეს ამაზე მსჯელობაც კი არ მიდის და პირიქით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის მომტანია ეს რიტორიკა”, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე მიიჩნევს, რომ კალაძის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაჟღერების უკან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური მიზნები დგას, “რომ შესაძლოა რომელიმე კონკურენტ კანდიდატზე აქვს რაღაც ინფორმაცია და ამიტომაც აიძულებს მათ ტესტის ჩაბარებას”.

იმნაძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კალაძის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი არ გაემიჯნა და რეფორმებსა და საჭირო ცვლილებებზე საუბრის ნაცვლად, ისინი თავის მართლების რეჟიმზე გადავიდნენ, რაც იმნაძის თქმით, ნარკომომხმარებლების მარგინალიზებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

“თვითონ გახარიაც კი, რომელიც კახა კალაძის ამ მოწოდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იყო, საუბრობს არა იმაზე, რომ ეს რელევანტური საკითხი არ არის და მერის არჩევნებისთვის მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პარტიული ხედვები, არამედ არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ნარკოტიკის საკითხზე ამხელა ფოკუსი საერთოდ არარელევანტურია. დაახლოებით იგივე ტიპის პრობლემური გამოხმაურება ჰქონდა მამუკა ხაზარაძესაც, როდესაც თქვა, რომ კახი კალაძემ თავის გუნდში მოიკითხოს “ნარკომანებიო”.

ეს დიდი პრობლემაა და თითქოს პოლიტიკური მეინსტრიმი მთლიანად ამ ამბავში ჩაერთო. რაღაცნაირად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტად დაგმობს ნარკოტიკის მოხმარებას. ვერც ერთმა ვერ გააკეთა აქცენტი და ვერ გათვალა, რომ ამ ყველაფრით იმ ადამიანების ღირსება და ინტერესები ილახება, ვინც ისედაც განიცდის ჩაგვრას ამ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო”, – განმარტა იმნაძემ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტის მსგავსად კალაძის ინიციატივას და შემდგომ ამ საკითხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებს ექიმი-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი.

მისი განმარტებით, სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ამძაფრებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ სტიგმას და ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ ყველა ნარკომომხმარებელი არის “განსასჯელი, გასაკიცხი და დამნაშავე”:

“ეს ყველაფერი ამ ადამიანების, ისედაც სხვა ბევრი მიზეზის გამო მოწყლავდი და სტიგმატიზებული დიდი მასის, მიმართ კიდევ უფრო მეტად ნეგატიურ განწყობებს ქმნის საზოგადოებაში. ყველაზე მთავარი შედეგი ასე ვთქვათ “ჩაიტარე ტესტი” კამპანიისა ნამდვილად ეს იქნება”, – განმარტა ოთიაშვილმა.

ოთიაშვილის თქმით, საზოგადოების მხრიდან ნარკოდამოკიდებული ან ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებსაც ადიქცია არ აქვთ, ისედაც გარიყულები არიან, რის გამოც ისინი ხშირად იძულებულები არიან დამალონ, რომ მოიხმარენ ნარკოტიკს და ასევე ხშირად ამის გამო უარს ამბობენ დამოკიდებულების შემთხვევაში შესაბამისი პროფესიული დახმარების მიღებაზე. ოთიაშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და სოციალურ ცხოვრებაზე.

“ნებისმიერი ადამიანი მალავს იმას, რომ შეიძლება რომელიმე ნარკოტიკული საშუალება მოსწონდეს, რადგან ყველა უარყოფითად შეხედავს მას, პოლიციელი დაპატიმრებას შეეცდება, ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვის თუ ამას გაამხელს. ასევე უამრავი სხვა მიზეზი არსებობს იმისა, რომ ადამიანებმა ეს დამალონ და თავი მუდმივად დამნაშავედ იგრძნონ იმის გამო, რომ იმ სტანდარტებში არ ეწერებიან, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება აწესებს. პლუს ამას ემატება კანონი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ მე რაც არ მომწონს იმას შეიყვან ორგანიზმში, დაგიჭერ და სერიოზულად დაგსჯი”, – განმარტავს ოთიაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, როგორიც არის “ნარკომანი”, რადგან აღნიშნული სიტყვა ავტომატურად ნეგატიურ კონტექსტს მოიცავს.

ოთიაშვილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსგავსმა სიტყვებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ადამიანებზეც, ვისაც დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, თუმცა ნარკოტიკულ საშუალებებს პერიოდულად მოიხმარს.

“ძირითადი მასა, ვისაც საზოგადოებაში ნარკოტიკის მომხმარებელი შეიძლება დაერქვას,  ჩვეულებრივი ადაპტირებული მოფუნქციონირე ადამიანები არიან, ვინც დროდადრო რაღაცას მოიხმარს გართობის მიზნით და ამ მოხმარების კონტროლს ახერხებს.

სინამდვილეში პრობლემურ ჯგუფზე საუბრისას 10-ჯერ მეტ ადამიანს ვურევთ ამ მასაში გაუთვიცნობიერებლად. როდესაც ვიღაცას “ნარკომანს” ვეძახით და ვამბობთ, რომ ვინც ტესტს არ ჩაიტარებს, ესე იგი საზიზღარი ნარკომანია და ა.შ., სინამდვილეში ათასობით ჩვეულებრივ ახალგაზრდას ვუქმნით ძალიან არახელსაყრელ გარემოს”, – ამბობს ოთიაშვილი.

ექიმ-ნარკოლოგის განმარტებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პოლიტიკოსები ნარკოტიკების მოხმარების საკითხს ხშირად იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე სხვა პერიოდებშიც, რითაც ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემებს საერთოდ ვერ იაზრებენ და მათთვის ეს ყველაფერი სულ ერთია.

ნარკოპოლიტიკის შესახებ

სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციისა თუ ექსპერტის შეფასებით საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომელიც ადამიანების დასჯაზეა ორიენტირებული და არა მათ მკურნალობაზე, სერვისების მიწოდებასა და რეაბილიტაციაზე.

ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელსაც აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წლებია დღის წესრიგში აქტიურად აყენებს.

აღნიშნულ საკითხზე 2017 წელს სხვადსხვა აქტორების ჩართულობით კანონპროექტიც მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ჰუმანიზმს, ინდივიდუალურ და არარეპრესიულ მიდგომებს, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა,  თუმცა კანონპროექტის გნახილვა პარლამენტში რამდენჯერმე გადაიდო და მისი მომავალი ამ ეტაპზეც გაურკვეველია.

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი