ახალი ამბები

მდინარაძე ირწმუნება, რომ ვიდეო ასახავს, თუ როგორ გადაადგილდება ოპერატორი ინციდენტის შემდეგ

16 სექტემბერი, 2021 • 2451
მდინარაძე ირწმუნება, რომ ვიდეო ასახავს, თუ როგორ გადაადგილდება ოპერატორი ინციდენტის შემდეგ

„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ოპერტორი, ლევან აბლოთია უგონო მდგომარეობაში არ არის და გადაადგილება შეუძლია.

კადრებს თან არ აქვს მითითებული გადაღების ზუსტი დრო, თუმცა მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ პარტიის ქარელის ოფისთან მას შემდეგ გადაიღეს, რაც აბლოთია „ოცნების“ შტაბში დაშავდა.

დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი ბექა ყორშია არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.  მდინარაძის ვერსიით, ინციდენტის შემდეგ აბლოთია უგუნო მდგომარეობაში არ იყო.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რითი ადასტურებს პარტია, რომ კადრები მართლაც გადმოვარდნის შემდეგაა გადაღებული, მდინარაძე პასუხობს:

„მე გავრისკავ და ვიტყვი, რომ რადგან ეს კადრები ჩვენი შტაბის წინ არის გადაღებული და დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს არის შემთხვევით შემდეგ. მე “გავრისჯავ” (გავრისკავ) ბრჭყალებში და მთელ პასუხიმსგებლობას ავიღებ იმაზე, რომ ეს კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ. მოდი, ვნახოთ, რას იტყვის ყორშია“, — ამბობს ის.

მისვე თქმით, სრულ კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ აწვდიან ოპერატორს წყალს მოქალაქეები და თვითმხილველების რეაქციებიც. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი შესაძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ კადრები მართლაც გადმოვარდნის შემდეგ გადაიღეს.

თავად ლევან აბლოთია, რომელიც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, იხსენებს, რომ ასეთი აგრესია უცხო ხალხისგან არასდროს უგრძნია.


გუშინ, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში სიუჟეტის გადაღებისას „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყვება, ის და აბლოთია „ოცნების“ ოფისში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

თავად მმართველ პარტიაში ამ ვერსიას უარყოფენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით — “მთავარი არხის” ოპერატორი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი