ახალი ამბები

გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით — “მთავარი არხის” ოპერატორი

16 სექტემბერი, 2021 • 3026
გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით — “მთავარი არხის” ოპერატორი

“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია აცხადებს, რომ გუშინ ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისის აივნიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ოპერატორმა ჟურნალისტებთან გაიხსენა ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები  და აღნიშნა, რომ უცხო ადამიანების მხრიდან მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად უნახავს.

“თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია… სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ გაგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ სრულიად უცნობი ადამიანებისგან არსად არ მინახავს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია დაუფიქრებლად.

მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანილი იყო გარეთ.

ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, ჩვენ გარეთ ვიყავით, აივანზე, შიგნით იყვნენ, შუქებიც ჩააქრეს და შემდეგ, როცა მე და ბექა “სტენდაფს” ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი- წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”, — აცხადებს ლევან აბლოთია.


გუშინ, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში სიუჟეტის გადაღებისას „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყვება, ის და აბლოთია „ოცნების“ ოფისში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

თავად მმართველ პარტიაში ამ ვერსიას უარყოფენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი