ახალი ამბები

ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! — გოგაშვილი გავრცელებულ ფაილებზე

15 სექტემბერი, 2021 • 1764
ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! — გოგაშვილი გავრცელებულ ფაილებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება ჩანაწერებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ხსენებულ თანამდებობაზე ყოფნისას დარწმუნდა, რომ სისტემაში “ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს”.

“…მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც “ორგანიზატორმა” უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და, ამავდროულად, დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები”, — დასძენს ის “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

გოგაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად მის ინტერესებშია.

“მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია, ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია, საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების მიმართ.

ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია. თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.

მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან”, — დასძენს გოგაშვილი.

მისივე სიტყვებით, “სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა”.

“მე ვიმეორებ: ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაჰყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს. მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს”, — წერს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და “სახალხო პარტიას” შეუერთდა.

“მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ, ეს არის უდიდესი მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს, რომ 90% ალბათობით ვიცოდე, საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს.

რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით”, — ამატებს გოგაშვილი.

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართლი ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

თავად გოგაშვილმა, რომელიც პარტიაში მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, „ქართული ოცნება“ 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. მანამდე, 2018 წლის აგვისტოში, მან დატოვა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა , შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მიმდინარე წელს თქვა, რომ 2012 წლიდან ჰქონდა ოცნება, რომ „სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა“, მაგრამ წლების შემდეგ „ეს ოცნება „ოცნებამვე“ დაანგრია“.

სუსი ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი