ახალი ამბები

დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა – მელია

14 სექტემბერი, 2021 • 786
დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

მისი თქმით, ის, რაც ბოლო დღებში ხდება, უკვე ყოველგვარ მასშტაბებს გასცდა.

“ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს დღეს ჩვენ. ჩვენ გარშემო ახლა ეს რეალობაა. ნუღარავინ მოიტყუებს თავს, რომ სხვა რამე ხდება ჩვენ ირგვლივ. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში და აქტიური ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ, როგორც ქვეყანა, საბოლოოდ არ დავანგრევინოთ მრავალსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და, რაც მთავარია, ამ სახედაკარგულ ბოროტებს არ გავასრესინოთ არცერთი ადამიანი და მისი ღირსება, არცერთი ადამიანის, რადგან როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საეკლესიო თვალსაზრისითაც, მთავარია ადამიანი! დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუს-ის უფროსმა, ივანიშვილის გებელსმა – გრიგოლ ლილუაშვილმა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელია პირობას დებს, რომ პოლიტიკური პოლიცია და სუსი გაუქმდება და  ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართული ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი