ახალი ამბები

“ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ” – დაპირისპირება ვაშაძესა და ფერაძეს შორის

14 სექტემბერი, 2021 • 24366
“ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ” – დაპირისპირება ვაშაძესა და ფერაძეს შორის

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მოქალაქეების პეტიციაზე მსჯელობდნენ, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მუზეუმის შენობა ინგრევა, ექსპონანტები გადასარჩენია და ყველაფრის პოლიტიზება არ შეიძლება: “სარდაფში თუ ჩაბრძანებულხართ, ნახავთ, რა დღეშია ფუნდამენტი”, — თქვა მან, რა დროსაც ნატა ფერაძემ მოუწოდა, ჯერ გაეცნოს [სიტუაციას] და “მერე ილაპარაკოს სისულელეები”.

“რა ბრძანეთ? ეს ვინ არის, ტო? ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით. ზრდილობა ისწავლეთ, უპირველეს ყოვლისა. მშვენივრად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით. ზრდილობა და ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ, გეგონებათ, ოჯახში გაიზარდეთ”, — მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს.


„სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“, – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.

3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩის ხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

საინიციატივო ჯგუფმა „ხელოვნების მუზეუმისთვის“ ონლაინ პეტიცია შექმნა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის გადარჩენას მხარს უჭერს.

ხელომოწერების შეგროვება 5 აგვისტოს პუშკინის სკვერში გამართული აქციის დროს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტისგან, რომ მაქსიმალურად დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით და უზრუნველყოს როგორც საჯაროობა, ასევე, საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად ონლაინ პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი