ახალი ამბები

ენმ პირადი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს – მდინარაძე

14 სექტემბერი, 2021 • 1064
ენმ პირადი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს – მდინარაძე

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 14 სექტემბერს, განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, კადრების გავრცელება მომდევნო დღეებში საზღვარგარეთიდან იგეგმება.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ თავში აზრად მათი გავრცელება.

კატეგორიულად ვაფრთიხლებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად”, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე ,საიდან აქვს “ქართულ ოცნებას” ეს ინფორმაცია, მდინარაძე აცხადებს, რომ ცნობები ენმ-ის შიგნიდან ჟონავს. მდინარაძის თქმით,  დამატებით დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.


13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის,საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი