ახალი ამბები

სტრასბურგმა 20-21 ივნისზე კიდევ ერთი სარჩელი მიიღო

14 სექტემბერი, 2021 • 1155
სტრასბურგმა 20-21 ივნისზე კიდევ ერთი სარჩელი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო “ადამიანის უფლებათა ცენტრის”(HRC) მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

HRC-ის ინფორმაციით, საქმე, სახელწოდებით Berikashvili vs Georgia, სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. ორგანიზაცია შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13  მუხლების დარღვევის დადგენას  ითხოვს.

“ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის  წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი, სავარაუდოდ, პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან – მხრის მიდამოდან  ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს  რეზინის ტყვიებს”, – ნათქვამია HRC-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ვახტანგ ბერიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” თავიდანვე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

მათივე თქმით, ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. მათ შორის, პროკურატურის უარი გასაჩივრდა სასამართლოშიც, საიდანაც ორგანიზაციამ ასევე უარი მიიღო.

მათივე განცხადებით, დაზარალებულის სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11  (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს. მათ დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა და ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში ცენტრმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ვახტანგ ბერიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაგრამ წინა საქმეებზე არსებული გამოცდილების მიუხედავად, პროკურატურისგან კვლავ უარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი