ახალი ამბები

რატომ ტოვებენ მოქალაქეები ოპოზიციის საარჩევნო სიებს | ამხსნელი

10 სექტემბერი, 2021 • 2117
რატომ ტოვებენ მოქალაქეები ოპოზიციის საარჩევნო სიებს | ამხსნელი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ოპოზიციის პარტიულ რიგებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მიზეზებზე საჯაროდ საუბარი მათ რ სურთ, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ადგილი აქვს სპეციალურად თვითმმართველობის არჩევნებზე მორგებულ ზეწოლის სქემას, რომელიც სიაში კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციიდან ჩახსნას ემსახურება. საბოლოო ჯამში, ცესკომ ნაკლული სიის გამო რეგისტრაციის გაუქმების დამზღვევი მექანიზმი აამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარტიის საარჩევნო სიებს კანდიდატები დააკლდებიან, ამის გამო მთელი სია არ ჩაიხსნება.

რა ხდება?

“ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და, ამავდროულად, სიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ღუდუშაურმა პარტია დატოვა. ყაზბეგში, სადაც სულ რეგისტრირებულია 5 628 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის სიის დაკომპლექტება მარტივი არ არის, ხოლო სიიდან კანდიდატების გასვლამ შეიძლება, პარტიისთვის ოლქში რეგისტრაციის გაუქმება გამოიწვიოს. ენმ-მ სიაში მყოფ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ, ასევე, განაცხადა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. თუმცა, რაც უფრო პატარაა მუნიციპალიტეტი და ახალია პარტია, ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას.

“მოხდა უპრეცედენტო რამ — „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან. ძალოვანი უწყებების ჩართულობით, ჩვენს კანდიდატებს ძალით დაატოვებინეს საარჩევნო სია. ანუ, ჩვენი მხარდამჭერი რომც მოსულიყო არჩევნებზე, უბრალოდ არ ექნებოდა ჩვენთვის ხმის მიცემის საშუალება, რადგან კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, სია რეგისტრაციიდან იქნებოდა მოხსნილი”, — განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

რაიონებში პარტიული სიებიდან წევრების გასვლის პრობლემას ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად აწყდება პარტია “საქართველოსთვის”.

პარტიის “საქართველოსთვის” წევრ ნათია მეზვრიშვილის თქმით, ზეწოლის და მუქარის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს პარტიის მაჟორიტარობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა ლაგოდეხის, ახმეტის, ყაზბეგის, ხულოს, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, გუდაურის, ახალციხის, კობის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. გუშინ ჩამონათვალს დაემატა ზუგდიდში პროპორციული სიის მე-19 ნომერი გიორგი ჯოჯუა.

ხელისუფლების მხრიდან რეგიონებში პარტია “ლელოს” წევრებზე ზეწოლისა და დაშინების ახალი მეთოდების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.

“ქართული ოცნების” მიერ შემოღებულია ინოვაციური მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონებში ადამიანების დაშინებას და მათ ამოშლას პარტიული სიებიდან, რათა ამით საფრთხე შეექმნას წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები ახალქალაქში, ვანში, დედოფლისწყაროში, ასპინძაში, ახალციხეში. ახალციხეში ოთხი წევრი დაშინებით გზით იქნა გამოყვანილი პარტიული სიებიდან”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“გირჩი — მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ პირველად შეექმნა პრობლემა, როდესაც სუს-ის წარმომადგენლები რაიონებში მათ პარტიულ სიაში მყოფ ადამიანებს უკავშირდებიან და აშინებენ.

“ეს ზეწოლა უფრო სიაში მყოფ ადამიანებს ეხება, მერობის კანდიდატებს და პოლიტიკურ ფიგურებს მსგავსი პრობლემა ნაკლებად აქვთ”, — ამბობს ცოტნე კობერიძე, კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, და იმ მიზეებს განმარტავს, რასაც, მისი აზრით, პარტიულ სიაში მყოფ კანდიდატებზე ზეწოლის მექანიზმი ემსახურება.

საქმე ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობით, წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. ამასთან, სიაში შეიძლება შეყვანილ იქნას მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ არჩევნებამდე 2 დღით ადრე რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

“თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა საარჩევნო ოლქში ცალკე სია უნდა გქონდეს დარეგისტრირებული, რომ საარჩევნო ბიულეტენში მოხვდე. ეს სია უნდა იყო მაქსიმალურად დაკომპლექტებული. შეიძლება პარტიას 2-3 კაცი გაგყავდეს, მაგრამ 30 კაცი იყოს საჭირო სიის შესავსებად. ერთმა-ორმა ადამიანმაც რომ მოითხოვოს სიიდან ამოშლა, შეიძლება, რეგისტრაცია დაკარგო და პარტია კონკრეტულ რაიონში არჩევნებში წარმოდგენილი არ იყოს. ეს მათ იციან [ხელისუფლებაში] და ახდენენ ზეწოლას მარტივი ფორმებით — სუს-ის თანამშრომელი გირეკავს და გეუბნება, რომ შენ პრობლემა შეგექმნება, თუკი ოპოზიციის საარჩევნო სიაში იქნები. ეს ძალიან ბუნდოვანი რამეა და ადამიანს, რომელიც, მაგალითად, 26-ეა სიაში, არ არის პოლიტიკური ფიგურა და უბრალოდ პარტიას ეხმარება, აღარ უღირს პრობლემების შექმნა და გვეუბნებიან: იქნებ ამოგვწეროთ და სხვა ვინმე ნახოთ”, — ამბობს ცოტნე კობერიძე.

მისი თქმით, “გირჩი — მეტი თავისუფლება” ათეულ ასეთ შემთხვევას წააწყდა და ზოგან მოასწრო ადამიანების ჩანაცვლება და სიის დახარვეზების თვიდან აცილება, სხვა შემთხვევებში კი ელოდება საარჩევნო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას.

ISFED-ის დაკვირვება

პარტიულ სიებში მყოფ პირებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს “სამართლიანი არჩევნები”. როგორც ISFED-ში ამბობენ, ამ პრობლემით მათ დაუკავშირდა ენმ (სამცხე-ჯავახეთში) და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. ყველაზე მეტი ინფორმაცია ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ISFED-ს სწორედ გახარიას პარტიასთნ დაკავშირებით აქვს.

“მსგავსი ფაქტების შესახებ გვსმენია და ჩვენ ამ ეტაპზე ვცდილობთ, ამ ფაქტების ნამდვილობა გადავამოწმოთ, უშუალოდ გავესაუბროთ ადამიანებს, ვინც ზეწოლის გამო გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა პრობლემას ვაწყდებით იმ მხრივ, რომ ამ ადამიანებს საუბარი არ სურთ და ესეც გასაგებია — ზეწოლის მსხვერპლი ვერ საუბრობს, როგორც წესი, ღიად, თორემ ვინც ხმამაღლა საუბარს ბედავს, ზეწოლის ქვეშაც ნაკლებად ხვდება”, — ამბობს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, საარჩევნო სიებში მყოფ პირებზე ზეწოლის პრაქტიკა განსაკუთრებით აქტუალურია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

“როდესაც კონკრეტულ ოლქებში წარსადგენია მცირე მოცულობის სია, უფრო ადვილია მსგავსი ტიპის ზეწოლით შედეგის მიღწევა. ასეთი ფაქტები გვახსოვს 2017 წელსაც და ახლაც, პოლიტიკურმა პარტიებმა გვითხრეს, რომ ეს პრობლემა შეექმნათ. ამასთნ, პატარა და ახალ პოლიტიკურ პარტიებთან ყოველთვის უფრო ადვილია მსგავსი ტიპის ზემოქმედება, თუმცა დადასტურება ყოველთვის პრობლემაა, რადგან ამბობენ, რომ ოჯახური პრობლემების გამო ამოეწერენ სიიდან. არასდროს საუბრობენ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე და ძალიან გვიჭირს მტკიცებით ფორმაში საუბარი, თუმცა რამდენიმე ფაქტი გვქონდა და დეტალურად ჩვენს მონიტორინგის ანგარიშში წარმოვადგენთ”, — ამბობს ნინო დოლიძე.

რა არის გამოსავალი?

ISFED-ის აღმასულებელი დირექტორის თქმით, კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ცნობები საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი ფაქტების ობიექტურად გამოძიების არც მოლოდინი და არც გამოცდილება არ არსებობს.

მედიით გავრცელებული საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტები განიხილეს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე, თუმცა შეფასება არ გამოუქვეყნებიათ.

ოპოზიციის ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ მმართველ გუნდში.

“ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, ყველა მოქმედება “ქართული ოცნებისა” გახლავთ კანონის შესაბამისი. ის ბრალდებები, რომელსაც უსაფუძვლოდ და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად აყენებენ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ და მხოლოდ მათი მომავალი წარუმატებლობის ახსნაა”, — ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

თუმცა ნაკლული სიის გამო რეგისტრაციის გაუქმების დამზღვევი მექანიზმის მიღება საჭიროდ ჩათვალა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ცესკოს 7 სექტემბრის დადგენილებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია გაუუქმდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
  • რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
  • რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, კანონით დადგენილი წესით გაიწვია მისმა წარმდგენმა პარტიამ.

“ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება”, — ასე შეაფასა ცესკოს გადაწყვეტილება ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი