ახალი ამბები

მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის კომენტარებზე, რომელიც მისი პოსტის ქვეშ დატოვეს – სტრასბურგის სასამართლო

10 სექტემბერი, 2021 • 1405
მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის კომენტარებზე, რომელიც მისი პოსტის ქვეშ დატოვეს – სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის შემცევლ კომენტარებზე, რომელიც მის გვერდზე სხვა მომხმარებლებმა დატოვეს.

საუბარია საქმეზე – “ჟულიენ სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ”. საქმე 2011 წლის ოქტომბრის მოვლენებს ეხება, როცა საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქის მერმა ჟულიენ სანჩესმა საპარლამენტო არჩევნების დროს მის პოლიტიკურ ოპონენტზე ფეისბუკ სტატუსი დაწერა.

პოსტის ქვეშ სანჩესის მხარდამჭერებმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაზე სიძულვილის შემცველი კომენტარები დატოვეს, რის გამოც პოლიტიკოსს სასამართლოში უჩივლეს.

2013 წელს სანჩესი და სხვა პირები ეთნიკური და რელიგიური ნიშნით სიძულვილის გავრცელებასა და შუღლის გაღვივებაში სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია და ყველა პირს 4 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მას შემდეგ კი, რაც სანჩესმა საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოშიც წააგო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

ჟულიენ სანჩესი ირწმუნებოდა, რომ სხვათა კომენტარების გამო მისი სანქცირება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

საქმის გნახილვის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრანგეთის სასამართლოებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებებით არ დაურღვევიათ სანჩესისა და სხვა პირების მიმართ და აღნიშნა, რომ სიძულვილის შემცველი კომენტარები პოსტის ავტორს მომხდარიდან თვეების განმავლობაში არ წაუშლია და ისინი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კომენტარებზე პასუხისმგებლობაც სანჩესსვე ეკისრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი