ახალი ამბები

“ალბათ, ეს არსაითკენ სვლაა” – ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობაზე

9 სექტემბერი, 2021 • 936
“ალბათ, ეს არსაითკენ სვლაა” – ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობაზე

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგორევას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წელს ევროკავშირის წვერობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს, საქართველოს განვითარების გზის ტრაექტორია არ აღიქმება, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ მათ იყენებენ, როცა საქართველოს მთავრობას აწყობს.

“ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები, და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები”, – განაცხადა გრეგორევამ.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი.

“ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ”, – ამბობს გრეგორევა.

კითხვაზე – როგორ აღიქმება საქართველოს განვითარების გზის ტრაექტორია ბრიუსელში, მარკეტა გრეგორევა პასუხობს, რომ ბრიუსელში “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი და გეგმა აინტერესებთ, რადგან საქართველოს მთავრობის ნაბიჯები “არსაითკენ სვლაა”.

“გეტყვით, რომ [საქართველოს ტრაექტორია] ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ.

არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ, ალბათ, ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი და გეგმა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

მანამდე კი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის ჩარიცხვის ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულ “ქართულ ოცნებას” რეფორმებისა და შეთანხმებებისადმი ერთგულების ვალდებულება შეახსენა.

მაკროფინანსური დახმარება კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. 75 მილიონის ჩარიცხვა დამოკიდებული იყო ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ისედაც ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი