ახალი ამბები

ვენეციის კომისიაც ცდება, არაკორექტული რეკომენდაცია წარმოგვიდგინეს — კობახიძე

7 სექტემბერი, 2021 • 2114
ვენეციის კომისიაც ცდება, არაკორექტული რეკომენდაცია წარმოგვიდგინეს — კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრიs, ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისას იცოდა, რომ “სამართლებრივ სიმახინჯეს” აწერდა ხელს.

საქმე ეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებას, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს. შეთანხმების საფუძველზე, თავად ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და ანრი ოხანაშვილის ავტორობით მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც:

“მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი”.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ნორმის მიღებას არ აპირებს. მმართველი გუნდის არგუმენტია, რომ თანამდებობის პირი უნდა დაინიშნოს უმრავლესობის მიერ, რადგან 3/5-ის უმრავლესობით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს აჩვენა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესმაც.  კონენსუსის არარსებობის პირობებში პარლამენტი უბრალო უმრავლესობით მაინც ნიშნავს პროკურორს, თუმცა, 6-ის ნაცვლად 1 წლის ვადით, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, პროკურორის ინსტიტუტს არათუ არ აძლიერებს, უფრო მეტად პოლიტიკურად დამოკიდებულს ხდის.

ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე დისკუსიის დროსაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს ნორმა სამართლებრივი სიმახინჯე იყო, თუმცა მაშინ “ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიცია”.

“რაღაცნაირად ვეგუებოდით, რომ გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო და არა ძირითად დოკუმენტში. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების მთავარი დადაბითი მხარე იყო, რომ ჩვენ დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს და გვაქვს ფუფუნება, სამართლებრივი სიმახინჯეები არ ავსახოთ ქვეყნის ძირითად კანონში”, — განაცხადა კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.

კვალიფიციური უმრავლესობის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თავიდან ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის გარეშე იყო წარმოდგენილი, რაც თავის დროზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენდა.

“ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს თავისი სამართლებრივი ცოდვები და ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე წარმოგვიდგინეს. ასეთი სხვებიც იყო წლების განმავლობაში, სადაც ექსპერტები ცდებიან ხოლმე და ექსპერტები ამ შემთხვევაში შეცდნენ”, — თქვა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს თანამდებობის პირის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას.

“ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მას ჰკითხა: “რისი თქმა გსურთ, რომ სამართლებრივი აბსურდს გაუკეთეთ ინიცირება თვე-ნახევრის წინ? თვე-ნახევრის წინ ცდებოდით, როგორც იურისტი და პოლიტიკოსი, თუ დღეს ცდებით?”

— “რა თქმა უნდა, სამართლებრივ აბსურდს მოვაწერე ხელი ერთი მარტივი მიზეზის გამო — მაშინ ხდებოდა ინიცირება ამ კანონპროექტის, რომელიც უნდა განხილულიყო კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ გვაქვს ამ კანონპროექტის სათანადოდ განხილვის საშუალება. არა მარტო კანონპროექტის ხელმოწერის დროს, უფრო ადრე, დისკუსიების პროცესშიც ვიცოდი, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე და სამართლებრივი ნონსენსი. იგივე ვიცოდი ინიცირების დროსაც”, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ “ქართული ოცნების” აგრუმენტების საწინააღმდეგოდ და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის სასარგებლოდ ოპოზიციამ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი