ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია

26 ივლისი, 2021 •
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია.

ორ კენჭისყრაზე ვერც ერთმა კანდიდატმ ავერ მიიღო 100 დეპუტატის მხარდაჭერა, დღევანდელ, მესამე მცდელობაზე კი კანდიდატებს 3/5 ქვორუმით ეყარა კენჭი, თუმცა ვერც 90 ხმა მიიღეს.

გიორგი კალანდარიშვილის მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. გიორგი სანტურიანის კანდიდატურას კი 3 მომხრე და 8 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

პარლამენტმა ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი პროფესიონალი წევრი აირჩია.

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევას პარლამენტი მესამედ შეეცადა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერც 2/3-ის და ვერც 3/5-ის ქვორუმით ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76) იქნება საკმარისი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას პარლამენტის წევრთა 2/3-ის (100 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ორჯერ ვერ მოხერხდა, კენჭისყრა 3/5-ის ქვორუმით იმართება, ხოლო შემდეგ ცდაზე- საკმარისია უმრავლესობა.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის თამარ ჟვანიამ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი