ახალი ამბები

დაახლოებით 7%-იანი საჩუქარი გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა — კობახიძე

6 სექტემბერი, 2021 • 1738
დაახლოებით 7%-იანი საჩუქარი გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა — კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპირება საარჩევნოდ ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარია.

„ზოგადად, ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეულები ვართ წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი ის საჩუქარი, რაც დღეს გაგვიკეთა სააკაშვილმა.

რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ეს არის მეშვიდე ანონსი საქართველოში ჩამოსვლასთან, არეულობასთან დაკავშირებით. ვერასდროს ვერ მოახერხა ეს და ვერც ახლა მოახერხებს“, — თქვა ირაკლი კობახიძემ. მანვე დასძინა, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მას დააპატიმრებენ კანონის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 სექტემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა და კიდევ ერთხელ დაჰპირდა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ ამჯერად ნამდვილად ჩამოვა, არჩევნების პერიოდში. მან საქართველოში ჩამოსვლისკენ საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებსაც მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, არ ეშინია საქართველოში დაპატიმრების და იმედი აქვს, რომ ხალხი მას ციხიდან დაიხსნის.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი