ახალი ამბები

„ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი…“ — მდინარაძე სააკაშვილზე

6 სექტემბერი, 2021 • 1687
„ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი…“ — მდინარაძე სააკაშვილზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

მდინარაძემ თავის განცხადებაში ყოფილ თანაგუნდელს, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას დასცინა.

„ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი…“ — წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა და თქვა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს „ქართულ ოცნებას“ სურდა. 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელია, რომელსაც წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, პარტიის ოფისში მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული და პოლიციისთვის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა.

გიორგი გახარიამ მაშინ თქვა, რომ გუნდთან ვერ მიაღწია შეთანხმებას ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს შეიძლება გამხდარიყო დესტაბილიზაციის წყარო. გახარიას გადადგომის შემდეგ პრემიერის პოსტი მეორედ დაიკავა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკა მელია სპეცოპერაციის შედეგად ენმ-ის ოფისშივე დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 სექტემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა და კიდევ ერთხელ დაჰპირდა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ ამჯერად ნამდვილად ჩამოვა, არჩევნების პერიოდში. მან საქართველოში ჩამოსვლისკენ საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებსაც მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, არ ეშინია საქართველოში დაპატიმრების და იმედი აქვს, რომ ხალხი მას ციხიდან დაიხსნის.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი