ახალი ამბებირეკლამა

რეაბილიტირებული აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, გამოფენით „გერმანული ფერადი ენაა“ გაიხსნა

6 სექტემბერი, 2021 • 1161
რეაბილიტირებული აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, გამოფენით „გერმანული ფერადი ენაა“ გაიხსნა

6 სექტემბერს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების, აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ფილიალი (ჭავჭავაძის #24) გაიხსნა.

ფილიალის სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. ბიბლიოთეკის განახლებული დიზაინის ავტორები, ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან. 

„თბილისის ერთ-ერთმა უძველესმა ბიბლიოთეკამ ახალი სიცოცხლე დაიწყო. აკაკი წერეთლის სახელობის ფილიალი, სრულადაა რეაბილიტირებული და მზადაა, კვლავ უმასპინძლოს თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სტუდენტებს. თვის ბოლომდე მათ გერმანულენოვანი წიგნების გამოფენის ხილვაც შეეძლებათ, რომელიც პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში იმართება“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ფილიალი თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად განახლდა, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერის უნიკალური მხატვრობა. მკითხველს აქ დახვდება კომფორტული გარემო კითხვისა და მუშაობისთვის, საბავშვო ზონა და განახლებული წიგნადი ფონდი. 

რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკის პირველი სახალხო პროექტია, გამოფენა  „გერმანული ფერადი ენაა“. გამოფენა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.   

გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორისაა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილია გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები.

გამოფენის იდეა, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგომის შემდეგ დაიბადა. გერმანულ-ქართული წიგნის ინდუსტრიაში, არაერთი ერთობლივი პროექტია დაგეგმილი, რომელთა მიზანიც, თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ქართულენოვანი მკითხველისთვის გაცნობაა. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი