ახალი ამბები

ტყიბულელმა მეშახტეებმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება დაასახელეს — ღარიბაშვილი

3 სექტემბერი, 2021 • 1807
ტყიბულელმა მეშახტეებმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება დაასახელეს — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტყიბულელი მეშახტეებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტყიბულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას, დღეს, 3 სექტემბერს ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ტყიბულს აქვს პოტენციალი, რომ ახალი ტურისტული ცენტრები გაკეთდეს და ქალაქში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩავიდეს.

“მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მათ მადლობა, სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მე მათ ვუთხარი, გადავუწყვიტეთ ადგილზე საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება.

ცხრაჯვარის პროექტი, აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით აუცილებლად და აუცილებლად გავაკეთებთ ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს. მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ასევე, უცხოელმა ტურისტებმა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტყიბულში დასაქმებული მეშახტეები ხელფასების მატებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაიფიცნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი შრომითი პირობები, ხშირ შემთხვევებში, სიცოცხლისთვის საშიშია, ანაზღაურება კი- დაბალი.

ბოლო მასშტაბური გაფიცვა ტყიბულელმა მეშახტეებმა 2 თვის წინ, ივლისში მოაწყვეს და ხელფასების მომატება მოითხოვეს.

ტყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

მასალების გადაბეჭდვის წესი