ახალი ამბები

“კარგი, თუმცა მცირე და დაგვიანებული” — რიში ენმ-ის მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე

3 სექტემბერი, 2021 •
“კარგი, თუმცა მცირე და დაგვიანებული” — რიში ენმ-ის მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე

აშშ-ის სენატის წევრი აიდაჰოს შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა კარგია, თუმცა — დაგვიანებული. სენატორის კომენტარს “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.

“კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში ხელმოწერაზე უარის თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, — ამბობს ის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ენმ ხელს აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ენმ ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინაიდან შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი ითვალისწინებდა “ოცნების” მიერ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ენმ-მ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება , რადგან “ახლა არის გადამწყვეტი მომენტი”.

თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” 28 ივლისს განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ამის მიზეზად ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.

უკვე ახლა, “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აზრი არ აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას, რადგან შეთანხმება “არ არსებობს”.

ნაც. მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

მასალების გადაბეჭდვის წესი