ახალი ამბები

ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

1 სექტემბერი, 2021 • 1510
ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ენმ ხელს აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ენმ ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.

“მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში არსეული ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ჩვენ აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებაზე, არსებული უმძმესი, სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა და ხელი მოავწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში”, — თქვა ნიკა მელიამ სპეციალურ მიმართვაში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროკავშირის 75-მილიონევროიან დახმარებაზე, საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანი, რადგან ამ გზით ხელისუფლებამ უარი თქვა ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

სწორედ ამიტომ, როგორც ნიკა მელია აცხადებს, ყველა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის საშუალება.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინაიდან შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი ითვალისწინებდა “ოცნების” მიერ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ენმ-მ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება , რადგან “ახლა არის გადამწყვეტი მომენტი”.

“ქართულმა ოცნებამ” 28 ივლისს განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ამის მიზეზად ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.

“ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის

მასალების გადაბეჭდვის წესი