ახალი ამბები

ნაც. მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

2 სექტემბერი, 2021 •
ნაც. მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შარლ მიშელის/19 აპრილის შეთანხმებას.

დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ წინა დღით, 1 სექტემბერს გამოაცხადა.

ამას წინ უძღოდა, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების დატოვება, – რაც გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროპარლამენტარებმა, მეორე მხრივ კი,  „ოცნების“ მთავრობის მიერ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მიღებაზე უარი „სესხის შემცირების“ მოტივით.

2 სექტემბერს ენმ-ის წევრები, რომლებიც პარლამენტარები არიან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

„ეს [ხელმოწერა] იმას ნიშნავს, რომ არ მივცემთ ქართულ ოცნებას უფლებას, საქართველოს წაიყვანოს რუსეთის ორბიტაზე, ააცდინოს ევროპული განვითარების გზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება არსებობს“, – განაცხადა პარლამენტარმა ენმ-დან, რომან გოცირიძემ.

პარტიის თავმდჯომარე ნიკა მელია კი აცხადებს:

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს ზურგი აქციონ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადაოსხვაობისა იმ გარკვეულ დებულებებზე, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი არის მეასე- და მეორასეხარისხოვანიც კი“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

„არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე გადადო და მიიღო, ჩემი აზრით, სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია, რადგან ჩვენ გვყავს ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არც კი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეოპოლიტიკურ კურსს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მიესალმება ენმ-ის მიღებულ გადაწყვეტილებას.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

ევროკავშირი მხარეებს მუდმივად მოუწოდებდა შეთანხმებაზე ხელმოწერისაკენ და მისი პუნქტების აღსრულებისკენ/დაცვისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი