ახალი ამბები

“მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

2 სექტემბერი, 2021 • 1425
“მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

“მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი – სერგო ჩიხლაძე.

“მესამე ძალა” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დააფუძნა თანამოაზრეებთან ერთად. გაერთიანებას უერთდება ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც.

თამარ კეკენაძე თავისუფალი დემოკრატებიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია წლების განმავლობაში, სერგო ჩიხლაძე კი “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრია და ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს.

თამარ კეკენაძემ წარდგენისას “თავისუფალი დემოკრატების” სახელით მადლობა გადაუხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს იმისთვის, რომ “მესამე ძალის” შექმნის ინიციატივა აიღო საკუთარ თავზე. კეკენაძის თქმით, “მესამე ძალაში” გაერთიანების სურვილი მის პარტიას სწორედ “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” გამო გაუჩნდა.

“ვიყო თბილისის მერობის კანდიდატი, ჩემთვის არის შესაძლებლობა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ ბრძოლაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენ გაგაცნოთ “მესამე ძალის” ინოვაციური ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს თბილისი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე, გესაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც თითოეულ თქვენგანს გაწუხებთ და თქვენთან ერთად მოვნახოთ გამოსავალი. და რაც მთავარია, ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი, რაც არის ყოველდღიურობაში და ასევე ამ არჩევნების დროს, ეს არის იმის შეგრძნება, რომ მომავალში, ასი წლის შემდეგ, არავის აღარ დასჭირდეს იმ კითხვების დასმა, თუ რატომ და როგორ დავკარგეთ სახელმწიფო. ეს არის ის, რაც მამოძრავებს მე და ამოძრავებს ამ გუნდს”, – განაცხადა კეკენაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, “მესამე ძალის” კანდიდატები თბილისში იქნებიან:

  • კრწანისში – დავით ცეკვავა
  • საბურთალოზე – სერგო ჩიხლაძე
  • ისანში – თეონა ჭალიძე
  • გლდანში – ნანა ტოხვაძე
  • დიდუბეში – ოთარ ბაღათურია
  • სამგორში – ვახტანგ იაშვილი
  • ვაკეში – პაატა ჩიქოვანი
  • მთაწმინდაზე – ირაკლი გოგუაძე
  • ჩუღურუეთში – ავთანდილ ჩართოლანი
  • ნაძალადევში – ზაზა კორთხონჯია

“მესამე ძალას აქვს სამი მთავარი პრიორიტეტი: პირველი, ეს არის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება მთელი საქართველოს მასშტაბით. მეორე, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის დაჩქარება და მესამე –  საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

სწორედ ამ მიზნების გამო ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ღირსეული მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში შევარჩიეთ გულანთებული პროფესიონალი ადამიანები. ყველა თაობის პროფესიონალი, რომელსაც გვინდა გავუხსნათ გზა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის კუთხით.

მესამე ძალის მთავარი მისია, საქართველოს საზოგადოებას გავაცნოთ ბევრი ახალი, აქამდე შეიძლება ფართო მასშტაბით უცნობი, მაგრამ მაგარი პროფესიონალები, რომლებიც არიან პატრიოტები და უყვართ სამშობლო, გულით უნდათ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ კანდიდატების წარდგენისას.

წარდგენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა გიორგი ვაშაძეს ჰკითხეს, რატომ არ დაასახელა მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ან საკუთარი თავი, რაზეც უპასუხა, რომ გაერთიანების მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკა ახალი ადამიანებისთვის “გაიხსნას” და ამისთვის გრიგოლ ვაშაძეც და თავადაც მთელ საქართველოში ივლიან და ხალხს გააცნობენ გაერთიანების ახალ სახეებს.

იმავე შეკითხვით მიმართეს გრიგოლ ვაშაძესაც, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ უპასუხა:

“ვინც არჩევნების ოთხი ციკლი გაიარა, ის ადამიანი თუ არ არის ავადმყოფი და ამ ყველაფრისგან სიამოვნებას არ ღებულობს, მათ შორის ფიზიკურსაც, შანსი არ არის, რომ მას კიდევ ერთხელ მოუნდეს ამის გავლა. დიდი მადლობა, 2017 წლიდან ვიყავი ამ ისტორიაში, რაც შემეძლო გავაკეთე. 2018 წელს რეანიმაციაში მყოფი ოპოზიცია დავაბრუნეთ პოლიტიკურ არენაზე და სრულიად საკამრისია. ახალგაზრდების დრო მოვიდა, იმ ხალხის დრო მოვიდა, რომელიც არც შემჩნეულია და არც განზრახვა არ აქვს ერთმანეთის თავპირისმტვრევაში”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იცის, წავა თუ არა პოლიტიკიდან, თუმცა იცის, რომ მისთვის ეს ბოლო არჩევნები იქნება.


“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალა” 30 აგვისტოს ოფიციალურად წარადგინა.

“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა “მესამე ძალა”, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში. “მესამე ძალა” არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით.

დიახ, “მესამე ძალის” მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინცდამაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდეს, არა, გთავაზობთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“მესამე ძალის” წევრებად ვაშაძემ  წარადგინა:

  • გრიგოლ ვაშაძე
  • ხათუნა სამნიძე
  • თამარ კეკენაძე
  • რეზო კემულარია
  • ვახტანგ იაშვილი
  • ოთარ ბაღათურია
  • პაატა ჩიქოვანი
  • სერგო ჩიხლაძე
  • თეონა აქუბარდია
  • პაატა მანჯგალაძე
  • დავით ცეკვავა
  • თეონა ჭალიძე
  • ნანა ტოკვაძე

“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნებში სწორედ “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი