ახალი ამბები

დეგნანი: ვფიქრობ, აშშ გაითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ €75 მლნ არ სჭირდებათ

2 სექტემბერი, 2021 • 7444
დეგნანი: ვფიქრობ, აშშ გაითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ €75 მლნ არ სჭირდებათ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ გაკვირვებულია საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება არ სჭირდება იმ ფონზე, როცა ელჩის თქმით, ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის ასეთი მაღალი მაჩვენებელია, რასაც კორონავირუსის პანდემიაც ემატება.

ელჩი აცხადებს, რომ ამ გზავნილს ვაშინგტონშიც გაითვალისწინებენ:

“ჩვენ გაკვირვებული დავრჩით საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ ქვეყანას არ სჭირდება 75 მილიონი ევრო მიუხედავად უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლისა, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიის გავლენისა.

ამას ვაშინგტონიც გაითვალისწინებს. როგორც ვხვდები, ეს დახმარება მიბმული იყო მნიშვნელოვან რეფორმაზე სასამართლო სისტემაში და ცხადი იყო გასულ წელს, როდესაც მიმდინარეობდა პაკეტის განხილვა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის”, – ამბობს დეგნანი.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, დახმარების პაკეტი უკავშირდებოდა რეფორმებს, რომლის გატარებაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია:

“კიდევ ერთხელ, ეს მნიშვნელოვანი რეფორმებია, რომელიც უნდა გატარდეს და, იმედი მაქვს, ასეც მოხდება. რა თქმა უნდა, ეს რთული რეფორმებია და გარკვეული სასიკეთო რეფორმები უკვე განხორციელდა, რაც იმედის მომცემია. ახლა მნიშნელოვანია, რომ ეს მიბმულია თუ არა იმ 75 მილიონ ევროსთან თუ არა, ეს რეფორმები რომ დაინერგოს”, – ამბობს დეგნანი.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს მთავრობის ამ გზავნილს, რომ ამ მოცულობის დახმარება არ სჭირდებათ, მისი აზრით მხედველობაში იქონიებენ:

“კონგრესი აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის ვართ კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, კონგრესი მხედველობაში იქონიებს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ მათ არ სჭირდებათ 75 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება”, – ამბობს კელი დეგნანი.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

მასალების გადაბეჭდვის წესი