ახალი ამბები

დეგნანი: მივესალმებით ენმ-ის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ მიშელის დოკუმენტს

2 სექტემბერი, 2021 • 1550
დეგნანი: მივესალმებით ენმ-ის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ მიშელის დოკუმენტს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიესალმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს და აღნიშნავს, რომ შეთანხმების ტექსტი წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესრულების გეგმას, რომელიც ქვეყნისთვის ასე საჭიროა:

“ჩვენ მივესალმებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ჩვენ მოვუწოდებდით მათ ხელის მოწერისკენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე რომ, ეს კარგის ნიშანია, რამდენადაც დოკუმენტი წარმოადგენს გეგმას იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესრულებისა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

ეს ის ნაბიჯები და რეფორმებია, რომელიც საქართველოს ლიდერებმა შეიმუშავეს. ისინი არ იყო თავს მოხვეული აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, არამედ შემუშავებული იყო საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გზით. შესაბამისად, კარგის ნიშანია, რომ ამდენმა პარტიამ მოაწერა ხელი ამ რეფორმების დანერგვას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს გაძლიერებისთვის. ეს იმგვარი რეფორმებია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაძლიერებას, გააუმჯობესოს ელექტორალური პროცესი და ეხება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს”, – ამბობს კელი დეგნანი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გუშინ, 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ენმ ხელს აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 19 აპრილს დაიდო. ენმ ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერდა ხელს მასში არსებული, მათთვის მიუღებელი პუნქტების გამო.

მელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროკავშირის 75-მილიონ ევროიან დახმარებაზე, საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანი, რადგან ამ გზით ხელისუფლებამ უარი თქვა ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

სწორედ ამიტომ, როგორც ნიკა მელია აცხადებს, ყველა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის საშუალება.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინაიდან შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი ითვალისწინებდა “ოცნების” მიერ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ენმ-მ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება , რადგან “ახლა არის გადამწყვეტი მომენტი”.

“ქართულმა ოცნებამ” 28 ივლისს განაცხადა, რომ გადის შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ამის ერთ-ერთ მიზეზად ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი