ახალი ამბებირეკლამა

კაპნისთავი – 7 ჩანჩქერის სოფელი აჭარაში

10 აგვისტო, 2021 •
კაპნისთავი – 7 ჩანჩქერის სოფელი აჭარაში

სოფელი კაპნისთავი ბათუმიდან სულ რაღაც 26 კილომეტრითაა დაშორებული, აქ ავტომანქანით  25-30 წუთში ახვალთ.

მშვიდი და მყუდრო კაპნისთავი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ბათუმისგან ცოტა ხნით გარიდება სურს სიმშვიდესა და სიგრილეში, თანაც ქალაქთან ახლოს. აქ არის მრავალწლოვანი ხეების სიგრილეში ჩაფლული საპიკნიკე ტერიტორია სარწეველა საქანელებითა და კოცონის დასანთები, კარვის გასაშლელი ადგილებით.

სოფელი ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზეა და ოციოდე ოჯახითაა დასახლებული. სოფლის ცენტრის პატარა მოედანზე მთელი სოფლის ბავშვები იკრიბებიან ერთად ყოველ საღამოს სათამაშოდ. ნამდვილი, იდილიური სოფელია კაპნისთავი.

სოფელში ყველა გორაკიდან თუ ფერდიდან ნაკადული მოსჩქეფს. თითქმის ყველა ოჯახს ეზოში საკუთარი წყარო აქვს, მთებიდან მოყვანილი.

ყველგან წყლის ხმა ისმის – კაპნისთავში უამრავი მთის წყარო და 7 ჩანჩქერია. ზღვაზე დასვენების შემდეგ ასეთ ჩანჩქერებზე ასვლას და იქ დაგუბებულ კამკამა წყალში ბანაობას არაფერი სჯობს. 

ამაზე ადგილობრივებმა თავად იზრუნეს. მოაწყვეს ჩანჩქერების ირგვლივ მოსასვენებელი ადგილები, სიცხისგან თავშესაფარებელი, მრავალწლოვან ხეზე ასასვლელი საპიკნიკე ჩამოსასხდომი. ახლა კაპნისთავი უამრავ სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც ზაფხულში ქალაქის სიცხეს აქ აფარებენ თავს.

 

„შვიდი ჩანჩქერის სოფელი“ – ასე აღწერენ აქაურები თავიანთ სოფელს და დაწვრილებით მოგიყვებიან, რომელ ჩანჩქერთან როგორი მიუვალი გზა იყო, როგორ გაკაფეს იქამდე საკუთარი ძალისხმევით ეკალბარდი, ზოგი ჩანჩქერი სოფლის შუაგულშივეა, ზოგის სანახავად მაღალ კლდეზე სპეციალურად დამაგრებული რკინის ვიწრო კიბით უნდა ახვიდე, ზოგი წყალუხვია, ზოგიც – ნაკლებად.

ბოლო, მეშვიდე ჩანჩქერი მიუვალია, საიდანაც არ უნდა მოუარო, ვერ მიუახლოვდები, ამიტომაც „მიუდგომელს“ ეძახიან.

კაპნისთავის მარნის ღვინო მრავალწლიანი დაძველებით

კაპნისთავში პირველივე გასეირნებისას პოლონელების დიდი ჯგუფი შეგვხვდა. ჩანჩქერთან შეგუბებულ აუზში ბანაობდნენ და მერე ადგილობრივ მეღვინესთან, ზურაბ ბედინაძესთან ღვინოს აგემოვნებდნენ.

ზურაბ ბედინაძე 70 წლის მეღვინეა. ცხოვრობს სოფლის ცენტრში და ჩხავერს, რქაწითელსა და იზაბელას ჯიშის ღვინოს აყენებს – უმეტესად ევროპული მეთოდით: წიპწასა და ჭაჭას რბილობს დაჭყლეტისთანავე აცლიან, სუფთა წვენს ცალკე ადუღებენ. ასე ღვინოს რბილი და მსუბუქი გემო ეძლევა, ტანინისა და სიმაგრის გარეშე.

„ჩემი ღვინო არ არის შემაგრებული ტანინითა და ჭაჭაზე დადუღებით, რბილი, მხიარული და ხალისიანი ღვინო მაქვს, რომ დაჯდები მეგობრებთან ერთად, ბევრს ილაპარაკებ, არ მოგბეზრდება ნელა სმა და რომ არ გთიშავს, ასეთი“, – ამბობს კაპნისთაველი მეღვინე და 5 წლის ცოლიკაურს გვისხამს, თავადაც რომ დავრწმუნდეთ.

ზურაბ ბედიანიძე ახალ ღვინოს არასდროს ხსნის. გვეუბნება, რომ 5 წელი მაინც უნდა გავიდეს, ღვინო რომ გახსნას. ყველაზე ძველი ღვინო მის მარანში 17 წლისაა – 2004 წლის კახური რქაწითელი. ამ ღვინოს თითს არ აკარებს და შთამომავლობას უნახავს, ვერ გავყიდიო, გვეუბნება.

თუმცა კაპნისთავის ამ მარანში შესაძლებელია 5, 6 და 7 წლის ღვინის შეძენა.

აქვე ფუტკარიც ჰყავთ ოჯახებს. ახლა წაბლის თაფლი აქვთ, გაზაფხულობით – მაისის. თაფლს ტურისტები აქვე ყიდულობენ.

სოფლის მცხოვრებლების შექმნილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

სოფლის ცენტრშივეა მუზეუმი, რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა აქ მცხოვრებთა ოჯახებში შემორჩენილი წინაპრების დანატოვარი ძველი ნივთებით და სოფელში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებით.

მუზეუმი მარსელის კრამიტითაა გადახურული. მუზეუმის გახსნის ინიციატორი, ზურაბ ბედიანიძე გვეუბნება, რომ ეს კრამიტი საფრანგეთიდან იმ დროს შემოჰქონდათ აჭარაში, როცა ბათუმი პორტო ფრანკო იყო.

„ძვირფას კრამიტად მიიჩნეოდა მარსელის კრამიტი. როგორც გადმოცემით ვიცი, ამოდიოდნენ ფრანგები, ყიდულობდნენ ჩხავერს და მიჰქონდათ საფრანგეთში. კრამიტი კი ბალასტად მოჰქონდათ საფრანგეთიდან, გემის დასამძიმებლად. იცლებოდა ეს კრამიტი აქ და დასავლეთ საქართველოში არაერთ ძველ სახლს ნახავთ მარსელის კრამიტით გადახურულს“, – ამბობს ზურაბ ბედიანიძე.

მისივე მონათხრობის მიხედვით, კაპნისთავში გათხრების შედეგად აღმოჩენილი რამდენიმე ქვევრი ბიზანტიურია, ზღვით შემოტანილი.

მდინარის პირას, საუკუნოვან წყლის წისქვილებთან

კაპნისთავის ცენტრიდან ფეხით რომ ჩაუყვებით დაბლა მიმავალ ბილიკს, მყუდრო ხეობას მიადგებით. ჩქერებიან მდინარეს, რომლის ნაპირებზეც რამდენიმე ძველი ხის წისქვილია გამწკრივებული.

აივლით მდინარეს და ხან ერთი წისქვილი ჩნდება, ხან მეორე, ხან მესამე.

იქვეა მდინარის პირას ჩამოსასხდომი ადგილები, საკარვე ტერიტორია და ეს ყველაფერი ხეებითაა დაბურული.

იგრძნობა, რომ დიდი ხნის წინ ეს იყო ადგილი, სადაც საფქვავი მოჰქონდათ, ტოვებდნენ, მერე იქვე ჩამოსხდებოდნენ, ალბათ ბევრსაც ლაპარაკობდნენ ამ მთისას, იმ ბარისას და როცა თბილი ფქვილი ჩამოიცლებოდა, გაუდგებოდნენ გზას შინისკენ.

დაჟინებით ვერ ვიტყვით, მაგრამ აბა რა იქნებოდა, სანამ სიმინდის ჩამოფქვას მდინარისპირა ხეობაში უცდი?

ფეხებს ვყოფთ მდინარეში, თავიდან ცივია, გგონია 3 წუთიც ვერ გაძლებ ასე, მაგრამ მერე შენს სხეულში აღწევს მთის წყლების ძალა, სიცივეს ვეღარ გრძნობ და კაჟდები, ზამთარს მედგრად რომ შეხვდე. 

შარშან კაპნისთავი აჭარის ტურისტული გზამკვლევებზე ცალკე მარშრუტად მოინიშნა, გაკეთდა მინიშნებები და ბილიკები. სოფელში ასვლისთანავე იგრძნობა, რომ უცხოელებს ეს ადგილი ძალიან მოსწონთ და მალე შვიდი ჩანჩქერის სოფელი კიდევ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლებს ყოველ ზაფხულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი