ახალი ამბები

ეს იზოლაციისკენ წაიყვანს ქვეყანას – კაკაჩია ოცნების გადაწყვეტილებაზე

31 აგვისტო, 2021 • 1532
ეს იზოლაციისკენ წაიყვანს ქვეყანას – კაკაჩია ოცნების გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა, როდესაც მან უარი განაცხადა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, არის “დემოკრატიის უკუსვლის” პროცესის ფორმალური დასრულება.

“დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ თითქოს საქართველოს იმდენად კარგი ეკონომიკური მონაცემები აქვს, რომ მას დახმარება არ სჭირდება. სინამდვილეში ევროკავშირი ამგვარ დახმარებას მხოლოდ საქართველოს კი არ უწევს, არამედ ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანას. ასეთი ტრანშებით სარგებლობენ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, რომლითაც ხდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წამოწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძიმე პირობებშია.

როგორც საქართველოს ხელისუფლება იქცევა, ასე იქცეოდა ხოლმე აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი გაზი და ნავთობი მაინც გააჩნია და იმ პოზიციიდან საუბრობს. საქართველოს რამდენად აქვს გაბუტული პოზიციიდან საუბრის საშუალება, ცალკე საკითხია”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, შესაძლოა, მათ შორის გათვლილი იყოს დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის გულის მოგებისთვის.

“ეს არის გზავნილი წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით იმ სეგმენტისთვის, რომელთაც არ მოსწონთ ევროპული ფასეულობები. ხელისუფლებამ მათ კოჭი გაუგორა, რომ ისინი ევროკავშირსაც კი უძალიანდებიან”, – აცხადებს კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას განცხადებით, იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას არ სურს პირობითობის პრინციპს დაჰყვეს, ძალიან ირთულებენ ევროკავშირთან სამომავლო დაახლოების პერსპექტივას.

“პოლიტიკური სიბეცეა, რომ იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რაშიც საქართველო იმყოფება, მათ შორის რუსეთთან კონფლიქტის, არალიბერალური თურქეთის აღმავლობისა და სხვა საკითხების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან და დონორთან თანამშრომლობის გაცივება, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან დიდი შეცდომა.

ბოლო წლებში ყველა ამბობდა, რომ საქართველო იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი. ჯერ ისედაც საეჭვო იყო, რამდენად იყო საქართველო ფლაგმანი, ახლა კი კიდევ უფრო გაგვიჭირდება. აქამდე ამას თუ ვარქმევდით “დემოკრატიის უკუსვლას”, ახლა ეს უკუსვლაც აღარაა.

იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას არ სურს პირობითობის პრინციპს დაჰყვეს, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ამით ძალიან ირთულებენ სამომავლო დაახლოების პერსპექტივას”, – მიაჩნია პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთება, კაკაჩია აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ არარეალური, არამედ არარელევანტურიცაა.

“ისედაც არასწორ დროს გაკეთდა ეს განცხადება. ეს იყო “შეუსრულებელი მისია”, რომ 2024 წლისთვის წევრობისთვის მოემზადებოდა საქართველო. ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ეკონომიკურ, სოციალურ, პანდემიის მართვის წინაპირობებს, არა მგონია, რომ 2-3 წელიწადში ისე შეიცვალოს ვითარება, რომ ეს გაუმჯობესდეს. ამას ემატება დემოკრატიის უკუსვლაც და ამ ყოველივეს ემატება ის, რაც მოხდა, ამ ფონზე არარელევანტურია ამ საკითხის დაყენება და ეს იქნება სერიოზული შეცდომა.

იმედია, ხელისუფლება 2024 წელზე აღარ გააკეთებს აქცენტს. იგივე მოხდება ნატოსთან დაკავშირებით. ნატო და ევროკავშირი პირობითობასა და დემოკრატიულ წნეხს აყენებენ წინ”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს მხოლოდ ტექნიკურ საკითხად აღიქვამს და არა პოლიტიკურ გარემოებად.

“პრობლემაა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს მხოლოდ ტექნიკურ საკითხად განიხილავს. სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური საკითხი. თუ გინდა, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდე, უნდა გქონდეს ევროპული დემოკრატია, ფასეულობები, ღირებულებები. აქ აქვს ყველაზე დიდი პრობლემა ქართული ოცნების ხელისუფლებას, რადგან ისინი მზად არ არიან დემოკრატიული გარდაქმნებისთვის.

ეს იზოლაციისკენ წაიყვანს ქვეყანას”, – მიაჩნია მას.

მისივე თქმით, თუ საქართველო დაკარგავს რეფორმების ცენტრის სტატუსს, რისი ნიშნებიც სახეზეა, მაშინ დასავლეთში კიდევ მეტად გაქრება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო იზოლაციას.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი