ახალი ამბები

გიორგი ვაშაძემ “მესამე ძალა” ოფიციალურად წარადგინა

30 აგვისტო, 2021 • 1271
გიორგი ვაშაძემ “მესამე ძალა” ოფიციალურად წარადგინა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალა” ოფიციალურად წარადგინა. გაერთიანების წევრებს შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც.

“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა “მესამე ძალა”, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში. “მესამე ძალა” არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით.

დიახ, “მესამე ძალის” მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინცდამაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდეს, არა, გთავაზობთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“მესამე ძალის” წევრებად ვაშაძემ დღეს წარადგინა:

  • გრიგოლ ვაშაძე
  • ხათუნა სამნიძე
  • თამარ კეკენაძე
  • რეზო კემულარია
  • ვახტანგ იაშვილი
  • ოთარ ბაღათურია
  • პაატა ჩიქოვანი
  • სერგო ჩიხლაძე
  • თეონა აქუბარდია
  • პაატა მანჯგალაძე
  • დავით ცეკვავა
  • თეონა ჭალიძე
  • ნანა ტოკვაძე

“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნებში სწორედ “მესამე ძალის” სახელით მიიღებს მონაწილეობას, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები.

ვაშაძის თქმით, დღეს, 30 აგვისტოს მან მხოლოდ თბილისის წარმომადგენლები წარადგინა, პერიოდულად კი წარადგენს “მესამე ძალის” რეგიონების წარმოამდგენლებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი