ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებთან მრავალსაუკუნოვანი და ჰარმონიული თანაცხოვრების პოლიტიკური მითოლოგია

30 აგვისტო, 2021 • 6505
აფხაზებთან მრავალსაუკუნოვანი და ჰარმონიული თანაცხოვრების პოლიტიკური მითოლოგია

ავტორი: დავით ჯიშკარიანი


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ირგვლივ ბევრი საკამათო დებულება არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კი ნამდვილად არის მოსაზრება მრავალსაუკუნოვანი ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ.  ეს არის ერთგვარი მცდელობა, გაექცე შენს წარსულს, დაინახო ის იმგვარად, როგორც ისტორიაში არ ყოფილა და ისტორიციზმისგან დაცალო ის. განიხილო ყველაფერი დღევანდელი გადმოსახედიდან წარსული რეალობის გათვალისწინების გარეშე.

2021 წლის 23 მაისს კაჭრეთში აფხაზეთობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა.  მმართველმა ელიტამ ეს ღონისძიება სიმბოლური კაპიტალის დასაგროვებლად გამოიყენა. მსგავსი ადგილი ხომ არაფრის კეთებისა და თან არაფრის გაფუჭებისთვისაა ზედგამოჭრილი.   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ჩვენ (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ძალიან ღირსეული, ჰარმონიული და ერთგული თანაცხოვრების გამოცდილება, საერთო ისტორია და კულტურა“.

კონფლიქტის დროს მხოლოდ წარსულზე ყურადღების გამახვილება იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურ ჯგუფს მომავლის ხედვა არ გააჩნია. წარსულის მოშველიება კი მანიპულაციის საშუალებაა. მრავალსაუკონოვანი თანაცხოვრება სრულიად არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი მუდმივად დანარჩენ ქართულ სამეფო სამთავროებთან იყო გაერთიანებული და ერთ პოლიტიკურ სუბიექტად არსებობდა. 

ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური მდგომარეობაც და პოლიტიკური ელიტების ქცევებიც განსხვავებული იყო.  შუა საუკუნეებში პოლიტიკურ ცხოვრებაში ხშირად გამოიყენებოდა დინასტიური ქორწინებები, იყო მაგალითები ერთმანეთთან სამხედრო ალიანსის შექმნის, გავლენებისთვის ბრძოლის,  პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობის, ერთიან პოლიტიკურ ინსტიტუციად ყოფნის და საერთო ინტერესებისათვის ბრძოლის – ასეთი მაგალითებით ნამდვილად უხვადაა ჩვენი საერთო წარსული გაჯერებული.

მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები არ არის ერთმანეთთან მხოლოდ ჰარმონიული თანაცხოვრება –  ეს არის აქტიური პოლიტიკური ურთიერთობები. შუა საუკუნეებში პოლიტიკურ ცხოვრებას მმართველი საგვარეულო ელიტები განაგებდნენ და მოსახლეობის აზრი არავის ადარდებდა.  ერთნაირად ჰარმონიული ურთიერთობა საქართველოში, სხვადასხვა ფეოდალურ სახლებს შორისაც არ ყოფილა. ხშირი იყო შიდა ომებიც. საუკუნეების განმავლობაში კი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროებს შორის ურთიერთობები ირანისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ურთიერთობით იყო განპირობებული. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები პოლიტიკური ცხოველები იყვნენ და ცდილობდნენ იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებოდნენ, რომელიც მაშინ არსებობდა.  ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები მუდმივად ჰარმონიული იყო, არაა სწორი.

მე-19 საუკუნეში  როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის კოლონიზაცია დაიწყო, რუსი სამხედროები საიმპერატორო კარს უგზავნიდნენ ცნობებს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების შესახებ. ამ დოკუმენტებით ჩანს, რომ აფხაზეთში  ფეოდალური მმართველობა და ხშირი შიდა ომები არსებობდა. დაპირისპირებული მხარეები ხშირად მიმართავდნენ მეზობელ, სამეგრელოს მთავრებს, დადიანებს, დახმარებისათვის.  იყო საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც სამეგრელოს მთავრები მიმართავდნენ აფხაზეთის მთავრებს დასახმარებლად. მაშინ დახმარება სრულიად არ იყო ჰუმანიტარული მიზენებისათვის, მას თავისი საფასური ჰქონდა. 19-ე საუკუნის რუსი სამხედროების ცნობებით კი, აფხაზეთის სამთავროს ურთიერთობა სხვა ქართული სამთავროებთან, სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროებთან ჰქონდა.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება XX საუკუნეში. ამ შემთხვევაში ურთიერთობში სუბიექტები არა მარტო ფეოდალური სახლები და პოლიტიკური ელიტა გამოდის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. 1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის დროს, იყო მცდელობა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს გარე ჩარევის გარეშე მოეგვარებინა პოლიტიკური ურთიერთობა აფხაზეთთან. მიღებულ იქნა შესაბამისი სამართლებრივი ზომები და კანონები, აფხაზეთს ფართო ავტონომიური უფლებები ენიჭებოდა.  როგორ იმუშავებდა ეს ცვლილებები, რთული სათქმელია.  1921 წელს აფხაზეთში ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში. პირველი რესპუბლიკის პროექტები ისტორიის საკუთრება გახდა. 

საბჭოთა პერიოდში ადამიანები ძირითადად მშვიდად თანაცხოვრობდნენ და პოლიტიკური დაძაბულობა ამ თანაცხოვრებას არ ვნებდა. თბილისისა და სოხუმის პოლიტიკურ ელიტებს შორის ურთიერთობების გაფუჭების შემთხვევაში მოსკოვი ერეოდა საქმეში და სიტუაცია კონტროლს უბრუნდებოდა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ტრადიცია და კულტურა, რომ ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერთობების გაფუჭების დროს, მომგვარებელი მესამე მხარე, მოსკოვი უნდა ყოფილიყო. ამ ფორმით იარსება პოლიტიკურმა კლასმა საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

1980 -იან წლებში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აფხაზური ნაციონალიზმი ცდილობდა საკუთარი თავის პოვნას. ძირითადი პოლიტიკური გზავნილი კი ცალსახა გახლდათ, თბილისთან არსებული სტატუს-კვო მათთვის მიუღებელი იყო. ამის ყველაზე დიდი დემონსტრირება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი იყო, სადაც ეთნიკური აფხაზებით დასახლებულმა ორმა, გუდაუთის რაიონმა და ქალაქმა ტყვარჩელმა უარი განაცხადეს რეფერენდუმში მონაწილეობაზე. „შემდგომში ტყვარჩელმა, მართალია, გადაწყვეტილება შეცვალა, მაგრამ შემჭიდროებული ვადების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქ არჩევნების ორგანიზება ვეღარ შეძლო.“ რეფერენდუმში კი საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცეს აფხაზეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველებმა. შესაბამისად, გეოგრაფიულ არეალში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ, არ იყო კონსენსუსი პოლიტიკურ პროექტსა და მომავალ სახელმწიფოზე. 

ჟურნალისტი და მკვლევარი ვოიცეხ გურეცკი სამართლიანად აღნიშნავს, რომ  “დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსი მოლაპარაკების, შეთანხმების საფუძველზე ახალი ხელშეკრულებების, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას მოითხოვდა, ამას დრო სჭირდებოდა.“ დრო და პოლიტიკური კომპრომისი კი მაშინ ვერ მოიძებნა. 1991 წლის რეფერენდუმის ჩატარებიდან 1 წლისა და 5 თვის შემდეგ კი, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო.  დამოუკიდებელ საქართველოში აფხაზების და ქართველების თანაცხოვრება ზუსტად ამ პერიოდს ითვლის და ჰარმონიულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

საქართველოში პოლიტიკოსების განცხადებები, სამწუხაროდ, გულის მოსაფხანად და საკუთარი არსებობის განსამტკიცებლად სჭირდებათ. ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, „გულის ფხანა რაღა დარდუბალაა, ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება“.  ასეა ჩვენი საქმეც, ნუ მოვიტყუებთ თავს წარსულის იდეალიზაციით და ნურც იმას დავიჯერებთ, რომ მხოლოდ წარსულზე ლაპარაკით კონფლიქტს რამე ეშველება. მწარე რეალობისათვის თვალის გასწორება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ყველაფერს სჯობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი