ახალი ამბები

დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს – გამყრელიძე

27 აგვისტო, 2021 • 2862
დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს, თუმცა რჩება მზადყოფნის რეჟიმში, საჭიროების შემთვევაში, აღადგინოს მუშაობა.

“დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო, იქ პაციენტებს პირველი დახმარება და ვისაც სჭირდებოდა, ჟანგბადით ინჰალაცია უტარდებოდათ და შემდეგ გადაჰყავდათ კლინიკებში, ან პირიქით, აბრუნებდნენ სახლის პირობებში სამკურნალოდ.

რადგან აქტიური შემთხვევები მცირდება ქვეყანაში, ამ ეტაპზე ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება, გვყოფნის საწოლების რაოდენობა კლინიკებში.

მაგრამ ის არ წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში საწოლების რაოდენობა საკმარისია და გამოჯანმრთელება უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირება, რის გამოც აღარაა საჭირო იმუშაოს საველე ჰოსპიტალმა.

“ეს პოზიტიური ნიშანია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში, საველე ჰოსპიტალი ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნა. ჯამში, მას 500-მდე პაციენტის მიღება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი