ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის რეფორმა უნდა გაგრძელდეს — ISFED, TI-საქართველო

27 აგვისტო, 2021 • 983
საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის რეფორმა უნდა გაგრძელდეს — ISFED, TI-საქართველო

“სამართლიანმა არჩევნებმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ძირითადად ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო ერთობლივი შეფასებები გამოაქვეყნეს.

28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. „სამართლიანი არჩევნების” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად.

მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან კვლევაში აღნიშნულია შემდეგი:

  • სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შედარებით უფრო სამართლიანი გახდა. გაიზარდა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით (5 წლით) არჩევას, უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, პარლამენტის 2⁄3-ის თანხმობა დასჭირდება.
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას შემცირდა საარჩევნო ბარიერი და გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.
  • აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.
  • სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც.
  • ზემდგომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარსადგენად ჩამოყალიბდება უფლებამოსილი პირების სპეციალური ბაზა და საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი; ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და საჩივრების/სარჩელების განხილვის გარკვეული ვადები.

ISFED და TI-საქართველოს აზრით, უარყოფითად უნდა შეფასდეს შემდეგი ცვლილებები:

  • 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს ქვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2021 წლის არჩევნებამდე 4- კვირიანი ვადა შემცირდა 1 კვირამდე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალება მისცა, ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აერჩია მისთვის მისაღები კანდიდატები.
  • დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ამ დროებითმა წესმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულ ერთზე მეტ პარტიას მიეღო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება გაუუქმდა.
  • პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოერგო  „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას. შედეგად, პარტიამ დაკარგა საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცა.
  • საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება, შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს.

კვლევის თანახმად, მიღებული ცვლილებები დიდწილად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აწესრიგებს და ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის მასშტაბური რეფორმა, რომელიც დაფუძნებული იქნება სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპზე, თუმცა ამ მოდელზე გადასვლა ნაადრევია პროფესიული ნიშნით კომისიების დაკომპლექტების პროცესისადმი ნაკლები ნდობის გამო.

მანამდე კი, “სამართლიანმა არჩევნების” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციაა, პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის დეტალური რეგლამენტაცია; საოლქო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით წევრების შესარჩევად დამატებითი კრიტერიუმების დადგენა; საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისთვის დადგენილი მოკლე ვადების გადახედვა; პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის რეგისტრატორის ფუნქციების დატოვება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია შემდეგი რეკომენდაციები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოების ზომები გადახედვას საჭიროებს. აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ცხადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც თითოეულ მუნიციპალიტეტში განისაზღვრება საკრებულოს წევრთა რაოდენობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომებისა და საზღვრების დადგენის პროცესში მნიშვნელოვანია, გონივრულად დაბალანსდეს საარჩევნო ოლქების ზომის შედარებითი თანაბრობისა და სხვადასხვა გეოგრაფიული, ასევე, სოციალურ-კულტურული თავისებურების გათვალისწინების პრინციპები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ოლქების საზღვრების დადგენისას გამოირიცხოს ე.წ. „ჯერიმენდერინგის” (მანიპულაციის) საფრთხე;
  • საარჩევნო სიების წარდგენის უფლება საინიციატივო ჯგუფებსაც შეიძლება მიენიჭოთ.

საარჩევნოდ ადამიანური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მხრივ სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად, კვლევის ავტორების აზრით, სასურველია, საჯარო მოსამსახურეების გარდა, მინისტრის მოადგილეებს და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსაც შეეზღუდოთ სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის უფლება და საარჩევნო კოდექსში დაზუსტდეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას, ასევე, წარმოადგენს ნებისმიერი ქმედება განხორციელებული სოციალური ქსელების, მათ შორის, პირადი ანგარიშის/გვერდის საშუალებით.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი