ახალი ამბები

რუსული სააგენტოების დეზინფორმაციაა, თითქოს ავღანელი ლტოლვილები შევიფარეთ — ზალკალიანი

26 აგვისტო, 2021 • 1318
რუსული სააგენტოების დეზინფორმაციაა, თითქოს ავღანელი ლტოლვილები შევიფარეთ — ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ჩართულია ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის ჰუმანიტარულ მისიაში და  ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის გავლით 2 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

მისი თქმით, საქართველომ მიიღო პარტნიორებისა და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოფილიყო დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ და შემდგომში ეტაპობრივად მომხდარიყო მათი გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით.

“ეს იყო ყოველმხრივ ორგანიზებული პროცესი. სამხედრო თვითმფრინავებით ხდებოდა ევაკუირებული პირების თბილისში ჩამოყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ხვდებოდათ ლოჯისტიკურად გამართული, მწყობრი მექანიზმი. თბილისში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხორციელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს”, — განაცხადა ზალკლიანმა.

ამავდროულად, ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას, ზალკალიანმა “რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელებულ” დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

“რუსული სააგენტოების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ”, — განაცხადა მან.

ზალკალიანის თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომლებიც “საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და შემდეგ დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან”.

“ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის  და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ აქტიურად არის ჩართული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტრანზიტისთვის გამოიყენება.

თალიბანი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ და ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.

ქაბულიდან ევაკუირებულები თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ — მთავრობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი