ახალი ამბები

ორსული კოვიდინფიცირებულებისთვის ონლაინ კონსულტაცია ამოქმედდება — გაბუნია

26 აგვისტო, 2021 • 682
ორსული კოვიდინფიცირებულებისთვის ონლაინ კონსულტაცია ამოქმედდება — გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტებისთვის ამოქმედდება მეან-გინეკოლოგების მომსახურება, რომლებიც ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, იარსებებს სპეციალური დაწესებულებები, სადაც ფეხმძიმე პაციენტებს შეეძლებათ სპეციალური მომსახურების მიღება.

“ორსულ პაციენტებში ვირუსის დელტა შტამი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის, აცრა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. “ფაიზერის” ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის “1522-ს” [საკონსულტაციო ცხელ ხაზს] მიმდინარე დღეებში დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს. როგორც გაბუნია ამბობს, საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

“ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე-მესამე დონის პენინატალური დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეციალიზებულ კლინიკაში და მიიღოს სპეციალისტის მომსახურება ადგილზე.

ძალიან მოკლე ხანში ეს კომპონენტი ამოქმედდება”, — განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ორსულებისთვის გამოყოფილია ჰოსპიტალური საწოლები, სადაც ისინი მოთავსდებიან, საჭიროების შემთვევაში.

“მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. ოდნავ მაინც, თუ ამისი საჭროება არსებობს, ჩვენ არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის. ორსულს თუ სჭირდება ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დამაზუსტებელი კვლევა, რათა დაზუსტდეს, რამდენი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი