ახალი ამბებირეკლამა

7 ფოტოამბავი თბილისის წარსულზე ერმაკოვის კოლექციიდან

27 აგვისტო, 2021 • 3440
7 ფოტოამბავი თბილისის წარსულზე ერმაკოვის კოლექციიდან

ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული თბილისის ფოტოები ბევრს ყვება ქალაქის შესახებ, როგორც ქალაქის განაშენიანების, ისე ხალხის ყოფა-ცხოვრების ამბებზე. დიმიტრი ერმაკოვი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა, 70წლიანი ცხოვრების მანძილზე მან კავკასიელი (და არამარტო) ხალხისთვის ფასდაუდებელი ფოტოკოლექციები შექმნა, ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ფოტოს თბილისის იმდროინდელი ცხოვრებიდან.

ელექტროტრამვაი

დროშკისა და კონკას შემდეგ თბილისში 1904 წელს ახალი ტიპის ტრანსპორტი, ელექტროტრამვაი გამოჩნდა. ტრამვაის ინფრასტრუქტურა გამართა და ექსპლუატაციაში შეიყვანა ბელგიურმა კომპანიამ „ელექტრონული საზოგადოება ჰელიოსი“, რომელიც ექსპლუატაციას 1915 წლამდე ეწეოდა, სანამ მას თბილისის თვითმმართველობა გამოისყიდიდა.

პუშკინის ბიუსტის გახსნა

1892 წლის 25 მაისს ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ინიციატივა ეკუთვნოდა ტფილისის იმჟამინდელ პოლიცმეისტერს, ლ. ა. როსინსკი, საჭირო სახსრები მან მოქალაქეებისგან შეგროვა. ბიუსტის მახლობლად, (ახლანდელი პუშკინის სკვვერი) 1829 წელს ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ალექსანდრე პუშკინი.

საიუბილეო გამოფენა

1901 წელს ტფილისმა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენას უმასპინძლა. გარდა სასოფლო-სამეურნეო, ფაბრიკა-ქარხნების ნაწარმისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებისა, ბაქოს ნავთობის მწარმოებელთა პავილიონში ააგეს ჭაბურღილის მოდელი, სადაც გამართული იყო მიწის სათხრელი მანქანები. მნახველს თავად შეეძლო გასცნობოდა ნავთობის მოპოვების პროცესს.

ბორანი

ამბობდნენ, „მუხრანის ხიდის ბორანს“ ერთ საათში უფრო მეტი მგზავრი გადაყავდა, ვიდრე დღე–ღამის განმავლობაში ვერის ხიდზე გადადიოდა.” – სანამ 1911 წელს აქ ხიდს ააშენებდნენ, მანამ დადიოდა ბორანი მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეს მიმართულებით და დღეში 2000-მდე ადამიანი და ტვირთი გადაჰქონდა. სახელი მუხრანბატონის სახლის გამო დაერქვა, რომელიც იქვე, მარჯვენა სანაპიროზე იდგა. ბორნის ხაზთან მოწყობილი ჰქონიათ სამაშველო პუნქტი, რადგანაც ყოფილა შემთხვევები, როცა წყალს ბორანი აუყირავებია და მსხვერპლიც მოჰყოლია.

უპოვართა სახლი

ნ.ზუბალაშვილის მიერ 1906 წელს გახსნილი “ღარიბთა თავშესაფარი” ე.წ. უპოვართა სახლი სამოცი ხელმოკლე ადამიანისათვის იყო განსაზღვრული. შენობა კარგად იყო მოწყობილი, როგორც ავეჯით, ისე ინვენტარით. აქ უპოვრებს შეეძლოთ მიეღოთ საკვები, ექიმის დახმარება, სამოსი და თეთრეული, რომელიც უცხოეთიდან იყო გამოწერილი.

არშაკუნის სასახლე

ის შენობა, რომელშიც ახლა თბილისის სამხატვრო აკადემიაა განთავსებული, განხორციელებული სიზმრებია სომეხი ვაჭარი არშაკუნისა, რომელსაც სურდა ამიერკავკასიაში გამორჩეული, აღმაფრთოვანებელი სასახლე აეგო, თავად ვაჭარი კი ვერ მოესწრო დამთავრების დღეს დიდი მეჯლისის გამართვას და ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. სასახლე უძვირფასესი ავეჯით, ჭაღებითა და მოხატულობებით დაუმშვენებიათ. პროექტის ავტორი ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორი ივანოვი იყო.

თბილისური ბაზარი

თბილისური ბაზარი ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია

XIX საუკუნეში ბაზრობები თბილისში ძირითადად კვირა დღეს იმართებოდა, ამ დრეს წესით ვაჭრებს უფრო ნაკლები გადასახადი ჰქონდათ, ვიდრე სხვა დღეებში.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ National Geographic-ის რუბრიკაში “რეტრო”

National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა 2012 წლიდან სილქნეტის მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალი სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომია სილქნეტის აბონენტებისთვის და სტუდენტებისთვის.

გამოიწერე და გაიგე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი