ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

13 წელი აღიარებიდან — პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში

26 აგვისტო, 2021 • 3892
13 წელი აღიარებიდან — პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში

26 აგვისტოს სოხუმსა და ცხინვალში ზეიმობენ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის მიერ. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.

რუსეთის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკები რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. მსგავსი ნაბიჯი ბოლოს, 2018 წელს, სირიის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გადადგა, რომლის მთავარი მოკავშირეც სწორედ რუსეთის ფედერაციაა.

ამ სტატიაში შევეცადეთ გაგვერკვია, რუსეთისთვის რა მექანიზმს წარმოადგენს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთის აღიარება და ზემოქმედებას ახდენს თუ არა ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაზე.

ქართველი მკვლევრებისა და დიპლომატების განცხადებით, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მოსკოვი ცხინვალისა და სოხუმის აღიარების პოლიტიკით ჰიბრიდულ ომს ეწევა. მათივე განცხადებით, გამორიცხული არ არის ამღიარებელი ქვეყნების რიცხვის გაზრდა, თუმცა ასეთ ქვეყნებში რეჟიმების ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების გაუქმების  გადაწყვეტილება.

როგორ აღიარა რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი 

დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციამ აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.  საკუთარ გამოსვლაში, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცა, რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ქართული ხელისუფლებ ოსი ხალხის გენოციდს ცდილობდა და მსგავსი ბედი მოელოდა აფხაზებსაც. მისივე თქმით, შეუძლებელი იყო ქართველების, ოსებისა და აფხაზების ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, რის გამოც ამ რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა.

პრეზიდენტ მედვედევის მიმართვა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით

მისივე თქმით, ეს იყო მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რათა შეენარჩუნებინათ ადამიანთა სიცოცხლე.

რუსეთის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკები ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ და ბოლოს სირიამ აღიარეს, თუმცა აღიარებიდან რამდენიმე წელიწადში ვანუატუმ და ტუვალუმ საკუთარი გადაწყვეტილებები გააუქმეს.

“ვმუშაობთ უფრო მეტი აღიარებისთვის” — რას აცხადებენ სოხუმსა და ცხინვალში

25 აგვისტოს, რუსეთის მიერ დამოუკიდებლად ცნობის მე-13 წლისთავამდე ერთი დღით ადრე, სოხუმსა და ცხინვალს შორის ტელეკონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამთავრობო საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, “ამჟამად უკვე არსებობს რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად მზადაა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”, თუმცა დასძენს, რომ ამ სახელმწიფოების დასახელება ჯერ არ შეუძლია.

მისივე თქმით, ამ სახელმწიფოებს აღიარებისგან ამერიკის შესაძლო ზეწოლა აფერხებთ, თუმცა ზოგი სახელმწიფო მზადაა ეკონომიკური აღიარებისთვის.

დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის მოსაზრებითაც, ასევე არსებობენ ქვეყნები, რომელთაც სურთ აღიარება, თუმცა დასავლური ზეწოლის გამო ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

“ერთ-ერთ ქვეყანაში გვითხრეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით აღიარებული 10 ქვეყნის მიერ, ისინი იქნებიან მე-11. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრი აღარ დაგვრჩა და იმედი ვიქონიოთ, რომ მალე მივაღწევთ ამ რიცხვს. ამ მიმართულებით მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს, მაგრამ აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიიღეს”, — განაცხადა ჯიოევმა.

ცხინვალსა და სოხუმში 26 აგვისტოს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.

“აღიარება რეჟიმის ცვლილებამდე” 

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, დავით ბრაგვაძის განცხადებით, სხვა ქვეყნების მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მათ შორის, რუსეთთან მოკავშირეობით აიხსნება.

“[დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება] რუსეთის ფედერაციის დამსახურებაა, რადგან ეს მაღიარებელი ქვეყნები ან არიან ჯუჯა სახელმწიფოები, ან არიან დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმები, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ კრემლთან და წარმოადგენენ მათ პარტნიორებს იმ რეგიონებში, სადაც ისინი არიან.

შესაბამისად, მათთან მიმართებით განსაკუთრებული ზეწოლა კრემლს არ დასჭირვებია”, — განუცხადა დავით ბრაგვაძემ ნეტგაზეთს.

დავით ბრაგვაძის განცხადებით, ისეთი სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას, ამოწურული არ არის და კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება, რუსეთმა ეს ბერკეტი გამოიყენოს.

“მნიშვნელოვანია დრო, როდის და რატომ მოხდა აღიარებები. როდესაც რუსეთის ფედერაციამ ცნო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ის არ უნდა დარჩენილიყო მარტო ამ საქმეში.

მან ყველაზე დამყოლი ქვეყნები შეარჩია. საინტერესოა, რომ ამღიარებელი ქვეყნების სიაში სირია არის ბოლო. ეს პერიოდი ემთხვევა რუსეთის მიერ სირიაში ძალების შეყვანას, ასადის მხარდაჭერას და სამოქალაქო ომში ჩართვას.

შედეგად, ასადის რეჟიმი ბოლომდე დამოკიდებული აღმოჩნდა კრემლზე.

ეს პერიოდი ემთხვევა ასევე იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ სასურველი იქნებოდა, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, ანუ 2021 წელს, საქართველო ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსით შეხვედროდა. ამ პერიოდს ემთხვევა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტიც საქართველოში და აგვისტოს ომის 10 წლისთავი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის გარეშეც, ნებისმიერ დროს შეეძლო რუსეთს სირიისთვის მოეთხოვა ამ რესპუბლიკების ცნობა, უბრალოდ, რადგან ეს რესურსი ამოუწურავი არ არის, კრემლი ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციური ვითარებიდან გამომდინარე, აკეთებს ამას და ამთხვევს ან რაიმე სიმბოლურ თარიღებს, ან საქართველოს რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას”, — აცხადებს დავით ბრაგვაძე.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი დავით ბრაგვაძე

ბრაგვაძე არ გამორიცხავს, რომ ცხინვალისა და სოხუმის მაღიარებელი ქვეყნების რიცხვი გაიზარდოს.

“კიდევ არსებობს რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მხრიდან თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში ამას დააკმაყოფილებს, ამაში არ ვგულისხმობ ბელარუსს. პირობითად შეიძლება იყოს რომელიმე დიქტატურა. ადრე თუ გვიან, მე დარწმუნებული ვარ, აღიარების პრეცედენტები იქნება.

ამ სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ ეკონომიკური სირთულეები, რეჟიმის გადარჩენის საჭიროება და სხვა, თუმცა ეს არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, ან მყარი სტაბილური, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმი”, — აცხადებს ბრაგვაძე.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყნებში, რომლებიც ცნობენ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას, შეიცვლება მმართველი რეჟიმი, უნდა ველოდოთ თუ არა აღიარების გადაწყვეტილების ცვლილებას, ბრაგვაძე გვპასუხობს, “რომ ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს მყარი საფუძველი”.

“არსებობს მოსაზრება, რომ ოკეანეთის სახელმწიფოების მხრიდან აღიარება-არაღიარების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პარტია იქნება ამ სახელმწიფოს სათავეში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ვენესუელას, საქართველომ აღიარა ხუან გუაიდოს მთავრობა. ამას ჩვენი მხრიდან ჰქონდა ერთადერთი მოტივაცია და არის ის, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვენესუელა გააუქმებდა ამ აღიარებას.

სირია თითქმის 10 წელია სამოქალაქო ომშია ჩართული, ასადმა პოზიციები გაიმყარა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვითარება სხვა კუთხით წარიმართებოდა, გაძლიერდებოდა ოპოზიციური ძალები, არ იქნებოდა გამორიცხული ამ აღიარების უკან გაწვევა.

ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ახალი ძალა დასავლეთთან, ურთიერთობების დალაგების დროს, მსგავს ოდიოზურ გადაწყვეტილებებს გადახედავს, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვქონდეს იმის მოლოდინიც, რომ რომელიმე რეჟიმს გაუჭირდება და ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას აღიარებენ, თუმცა ასეთი ქვეყნების რიცხვი მკვეთრად ლიმიტირებულია”, — აცხადებს ბრაგვაძე.

მისივე თქმით, დე ფაქტო მთავრობების აღიარებამ რუსეთის მხრიდან, ერთგვარი “სასარგებლო ჭირის” როლი შეასრულა და ქართული დიპლომატიის საერთაშორისო არენაზე გააქტიურება გამოიწვია.

“თბილისის დასჯის მექანიზმი”

გიორგი ბადრიძის განცხადებით, მოსკოვის პოლიტიკა მუდმივად იყო ეთნიკური კონფლიქტების გამოყენებით ცალკეული რესპუბლიკების კონტროლი, რათა არ დაეშვა ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლა და ამ რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, ხოლო მოგვიანებით- დამოუკიდებლად განვითარება.

“სსრკ-ის დაშლის შემდეგ იმავე მეთოდების გამოყენება გააგრძელა ელცინის რუსეთმაც, მათ შორის, საქართველოში, მოლდოვაში და სომხეთ-აზერბაიჯანში, რათა მომავალში არ დაეშვა რუსეთს ამ ქვეყნების მომავალი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბება და ისინი დარჩენილიყვნენ რუსეთის ვასალებად. ამის მექანიზმად განიხილებოდა სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

თბილისის დასჯა დასავლეთისკენ სწრაფვამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

საქართველოში როცა ამბობენ, რომ ჩვენ რადგან “დასავლეთი მოვინდომეთ”, მაგიტომ დაგვსაჯა რუსეთმა, სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიწყო გაცილებით ადრე, საბჭოთა დროს, და ჩამოყალიბდა რუსეთის სრულიად პრაქტიკულ პოლიტიკად ჩვენი და სხვა ქვეყნების მიმართ

დღესაც რუსეთი იყენებს ამ კონფლიქტებს, როგორც სუვერენულ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშესაშლელად”, – აცხადებს გიორგი ბადრიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

“ხაზს ვუსვამ, რომ მთავარი არსი სეპარატიზმის მხარდაჭერისა და შემდეგ მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა არის ის, რომ მოსკოვს აქვს ჩამოყალიბებული სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია, რომ არ დაუშვას თავისი ყოფილი ვასალების რეალური სუვერენიტეტი და ძლიერ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება”.

გიორგი ბადრიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში

გიორგი ბადრიძის განცხადებით, დასავლეთის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი აქვს არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმართვისას, თუმცა ასევე აუცილებელია აქტიური ქართული დიპლომატიაც.

“დასავლეთმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა, ოღონდ ეს მოხდა ქართული დიპლომატიის მიზანმიმართული, აქტიური, ჩამოყალიბებული მუშაობის შედეგად. თუ საქართველო არ გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ მომავალში აღიარება არ მოხდება პასიური დიპლომატიური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში”, — აცხადებს გიორგი ბადრიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი