ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ქართული ფაქტორი”აფხაზურ პოლიტიკაში

25 აგვისტო, 2021 • 2846
“ქართული ფაქტორი”აფხაზურ პოლიტიკაში

აფხაზურ-ქართული ურთიერთობები დროდადრო ხდება სოხუმელი პოლიტიკოსების ხმამაღალი დისკუსიის საბაბი. ადგილობრივი ოპოზიცია “ქართულ” ფაქტორს, როგორც წესი, ხშირად იყენებს მმართველი ძალის “სამშობლოს ღალატში” დადანაშაულებისთვის. რამდენიმე დღის წინ გამართული ოპოზიციის მრგვალი მაგიდის საკვანძო თემა, ასევე, დაეთმო აფხაზურ-ქართულ არაოფიციალური კავშირებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას.


ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 2020 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ
“სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში”, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით , ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“ და დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტების დაფინანსება. ამასთან, თბილისის ცნობით, აფხაზეთში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი. ქართველმა მინისტრმა, აქვე ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების გრანტებზე, ამ მხრივ კი, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გერმანიისა და შვეიცარიის მხარდაჭერას.

ეს ამბავი აფხაზეთში მრავალმნიშვნელოვნად აღიქვეს, რადგანაც ორმხრივ, ქართულ-აფხაზური პროექტების შესახებ აქ ღიად არავინ საუბრობს. მით უმეტეს, გვახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზი ბიზნესმენის, ბენურ კვირაიას მიერ ტბაზე ერთობლივი ბიზნესის პერსპექტივების გახმოვანების მცდელობა, რომელიც პოლიტიკური სკანდალით დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლებო პარტია “ამცახარამ” მაშინ ოპოზიციის საპროტესტო აქციას “საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობა” უწოდა, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის პროგრამაში მაინც შეიტანა კორექტივები და დოკუმენტიდან ამოიღო “საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ” პუნქტი.

აფხაზეთში ნებისმიერი პოლიტიკური განლაგების დროს “ქართული საკითხი” ყოველთვის რჩებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად. გალის რაიონის მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაციის საბაბით, წლების წინ თანამდებობას შეეწირა მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი [ამჟამად პრემიერ-მინისტრი]. ასევე, 2019 წელს ოპოზიცია მოითხოვდა ყოფილი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმას გადადგომას იმ მიზეზით, რომ თითქოს  აფხაზეთის ციხიდან აფხაზეთში ტერორიზმისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა უკანონოდ გაათავისუფლა.

ამჟამინდელ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კი ახლანდელი ოპოზიცია პრეტენზიას უყენებს საქართველოს მიმართ “ზედმეტი ლოიალობისთვის”.

დღეს აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” უმაღლეს საბჭოში უკმაყოფილო არიან იმით, რომ “ენგურის” გამშვები პუნქტი მუშაობს. “არუაას” წევრის, თემურ ნადარაიას [წინა ხელისუფლების დროს გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] თქმით, ნონსესნია, რომ ენგურზე გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობას ვადაგასული საბუთებით გადაადგილება შეუძლია.

“თუ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო საზღვარი მდინარე ენგურზე გვაქვს, როგორ შეგვიძლია ადამიანების გატარება ვადაგასული საბუთით? აბა, რუსეთის საზღვარზე სცადეთ ასეთი პასპორტით გადასვლა, გაგიშვებენ? არა, რა თქმა უნდა”, – აღშფოთებას არ მალავს ნადარაია.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, რომელიც მრავალი წელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საქართველოსთან ურთიერთოების საკითხის დეპოლიტიზება უნდა შეძლონ და ერთიანი ხედვა ჩამოაყალიბონ ამ პრობლემის მიმართ, რათა ყოველ ჯერზე გადაწყვეტილებები და სტრატეგია ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ არ იცვლებოდეს.

აფხაზეთში თავდასხმის ობიექტები გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც საერთშორისო პროექტებში, მათ შორის ქართველებთან ერთად, მონაწილეობენ. ეს ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და მასში  “ჭეშმარიტი პატრიოტიზმი” არ არსებობს.

ჩვენი ანონიმური რესპონდენტი, რომელსაც აფხაზეთში მორიგი თავდასხმის შიშის გამო ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს, ასევე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც გარკვეულ პროექტებში ქართველებთან ერთად მუშაობს.

“ეს არ არის სამშობლოს ღალატი, ეს ჩვეულებრივი სამსაუხურია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ოჯახები ვარჩინოთ.  უკანასკნელ დრომდე კი ეს პროექტები იმის საშუალებასაც გვაძლევდა, რომ საზღვაგარეთ წავსულიყავით და მსოფლიო გვენახა. სხვა მიზნები პროექტის მონაწილეებს არ გვაქვს.  მიიღო ჰონორარი, გქონდეს საშუალება, დეპრესიული ქვეყნებიდან გავიდეთ – ეს არის სულ, რაც გვინდა. არავინ ყიდის სამშობლოს და არავინ გაიქცევა ხვალ საქართველოსთან ჩასახუტებლად მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ევროპულმა ფონდმა ფული გადაგვიხადა”, – გვეუბნება რესპონდენტი.

“პოლიტიკური თამაშებისა და მანიპულაციების მიუხედავად, ის, რომ დღევანდელი საქართველოს წიაღში დაბრუნებას აფხაზეთში არავინ განიხილავს, ამაში დარწმუნებულია აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა, რომელიც აცხადებს, რომ “რთული იქნება საქართველოსთვის უკეთესი მომავლით აფხაზეთის მოხიბვლა”.

“ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მალე საქართველო ისეთი აღორძინებული ქვეყანა გახდება, რომ აფხაზები უკან დაბრუნებას მოისურვებენ, აუხდენელი ოცნებაა, რადგან ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 4-4,5 დოლარაია, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე აფხაზეთში. ანუ არც ისე მეტი და, როგორც ჩანს, ბევრად წინ წასულან ჩვენგან. ამასთან, სოფლის მეურნეობის წარმოების და გადამუშავების კუთხით და ექსპორტის პოზიციებით ერთ სულ მოსახლეზე ვუსწრებთ საქართველოს. მაგალითად, თუ ავიღებთ ქართულ ექსპორტს, მისი წლიური მაჩვენებელი 3,3 მილიირდი დოლარია, მათ შორის მხოლოდ 500 მილიონი სასმელზე მოდის, ანუ იმაზე, რასაც აწარმოებენ, დანარჩენი ნედლეულია.

ის, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ ტექნიკურ და თუ ტექნილოგიურ გარღვევებს, ეს მითია. საქართველოს ექსპორტის დიდი წილი ავტომობილების რეექსპორტია. 1992 წლიდან დღემდე საქართველომ დაკარგა მილიონნახევარი მოსახლეობა, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ესეც სერიოზული კრიზისის მაჩვენებელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს საქართველო ყველანაირად ცდილობს ჩვენი ეკონომიკური განვითარების შეფერხებას და იმავე დროს, ის ზღუდავას საკუთარ ეკონომიკურ განვითარებასაც. ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთთან უნდა განვავითაროთ. საქართველო კი ევროპულ ეკონომიკურ სასწაულს მისჩერებია, რომლის პროდუქციაც იქ არავის სჭირდება. თურქეთის კონკურენტი ვერ გახდება ტურიზმის სფეროში. ასე რომ, სჯობს აღიარონ რეალობა და მოლაპარაკებები გამართონ ჩვენთან და რუსეთთან, მაშინ იქნება პერსპერტივაც”, – ამბობს ადგურ არძინბა.

ამის მიუხედავად, როდესაც საქმე ჯანმრთელობას, ჰუმანიტარულ აქციებსა და სიცოცხლის გადარჩენას ეხება, საქართველოსთან ნებისმიერი კონტაქტი, პრაქტიკულად, ოფიციალურად მხარდაჭერილია.

ასევე, გალის რაიონის მოსახლეობას უფლება მისცეს ზუგდიდში ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ვაქცინებით აიცრან.

გალის რაიონის ექიმებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების წყალობით, აფხაზეთის მოსახლეობა, მათ შორის კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

დღეს აფხაზეთში პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვინც საქართველოში იმკურნალა და ამას მალავს, რადგან საქართველოში მკურნალობა უკვე აღარ მიიჩნევა სირცხვილად და ღალატად.  ეს თემა პოლიტიკიდანაც მოიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი