ახალი ამბები

„საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადების საკითხი არ განგვიხილავს“ — ღიბრაძე

24 აგვისტო, 2021 • 834
„საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადების საკითხი არ განგვიხილავს“ — ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს, 24 აგვისტოს გამართლ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია არჩევნების გადადების საკითხზე.

რთული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტრო ხომ არ გასცემს 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების გადადების რეკომენდაციას? — ეს კითხვა დაუსვეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასაც, რომელმაც თქვა:

„ასეთ რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გასცემს იმ დაშვებით, რომ წესები, რომელიც უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას.

მთავარია აღსრულების პრიცნიპი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, დაიცავს წესებს. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა შევთავაზოთ სწრაფი ვაქცინაციის პროცესი. ასევე, ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმი არის ამოქმედებული“, — თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, როცა ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილია, რისკი ნაკლებია, ხოლო უფრო საშიშია „სპონტანური და დაუგეგმავი“ აქტივობები.

რთული ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადების შესაძლებობაზე თავდაპირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა, პოლიტიკოსთა ნაწილმა თქვა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი