ახალი ამბები

სკოლებში დასაქმებულთა სამიზნე ჯგუფის 30-40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67%-ია აცრილი – გაბუნია

20 აგვისტო, 2021 • 945
სკოლებში დასაქმებულთა სამიზნე ჯგუფის 30-40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67%-ია აცრილი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, სკოლებში დასაქმებულთა შორის სამიზნე ჯგუფის 30-40%-მდე ამ დროისთვის აცრილია. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე ჯამურად მათი 67%-ია აცრილი, საიდანაც ძირითადი ნაწილი ექიმები არიან.

“სკოლებში მასწავლებლების და პედაგოგიურ გარემოში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ვაქცინაციის კუთხით ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. ეს რაოდენობა იზრდება პროპორციულად. სამიზნე ჯგუფის დაახლოებით 30-40%-მდე არის ვაქცინირებული, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ის სასურველი მაჩვენებელი. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ძალიან კარგი ინიციატივა განახორციელა. სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების და პედაგოგიური პერსონალის 95%-ზე მეტია უკვე აცრილი, რაც სამაგალითოა. ამდენად, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი, რომ ვისაუბროთ სასწავლო პროცესის განახლების ეტაპებზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენც მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ახლა ჯამურად არის 67%. ეს უფრო მეტად არის ექიმების ხარჯზე. იზრდება ეტაპობრივად, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ მოცული იყოს
საკმარისი რაოდენობა”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციით კრიზისული პერიოდი იქნას დაძლეული საჭიროა, ყოველდღიურად 35-40 ათასი აცრა ჩატარდეს. გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის საჭიროა ბიზნესსექტორის და აკადემიური წრეების მეტი აქტივობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი