ახალი ამბები

14 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის მიერ ავღანეთიდან დაახლოებით 7 000 ადამიანია ევაკუირებული – პენტაგონი

19 აგვისტო, 2021 • 1096
14 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის მიერ ავღანეთიდან დაახლოებით 7 000 ადამიანია ევაკუირებული – პენტაგონი

პენტაგონის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქაბულში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათივე ცნობით, 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის მიერ ავღანეთიდან დაახლოებით 7 000 ადამიანია ევაკუირებული.

პენტაგონის პრესსმდივნის თქმით,  ორიენტირებული არიან, რომ 31 აგვისტომდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანონ ავღანეთიდან.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტში თვითმფრინავებს 6 000 ადამიანი ელოდება. მისი თქმით, მათ წამოსაყვანად ხუთშაბათს საღამოს 20 თვითმფრინავის გამგზავრება იგეგმება.

რაც შეეხება მათ, ვინც ქაბულის აეროპორტამდე ვერ მიდის, ნედ პრაისის თქმით, მათ აეროპრტამდე მისაყვანად ყველაფერს აკეთებენ. მისი თქმით, აშშ-მა “თალიბანს” განუცხადა, რომ მათთვის, ვისაც აეროპორტში მისვლა სურთ, აეროპორტამდე უსაფრთხო მისასვლელი გარანტირებული უნდა იყოს.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

სხვა ყველა საკვანძო ქალაქის დაკავების შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი