ახალი ამბები

უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა და 22.1%-ს მიაღწია — საქსტატი

19 აგვისტო, 2021 • 1820
უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა და 22.1%-ს მიაღწია — საქსტატი

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატისვე ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში — 6.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში — 5.7 პროცენტული პუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი