ახალი ამბები

რეანიმაციაში აქამდე მოხვედრილ 3500 პირიდან 2-ჯერ აცრილი 0.3% იყო — გაბუნია

19 აგვისტო, 2021 • 4527
რეანიმაციაში აქამდე მოხვედრილ 3500 პირიდან 2-ჯერ აცრილი 0.3% იყო — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში აქამდე მოხვედრილ ადამიანებს შორის ორჯერ აცრილი 0.3%-ია.

გაბუნიას ჰკითხეს, რა ვითარებაა დღეს საავადმყოფოებში და რა სხვაობაა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებს შორის.

„ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმგვარი სურათი, რომ საავადმყოფოებში მოხვედრილი უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის, ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%. ანუ ერთეული შემთხვევები [3500-ის 0.3% არის დაახლოებით 10 ადამიანი, ერთ პროცენტი – 3-4 ადამიანი. რედ.].

რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე შედეგების განვითარებისგან“, – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 58 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში დღეს აცრა 4 წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი. ესენია „ფაიზერის“; „სინოფარმის“; „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“. აქედან ასაკობრივი დამატებითი რეგულაცია ორ ვაქცინას ეხება – „ფაიზერით“ აცრა შესაძლებელია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აცრისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალურ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ასევე ორ სივრცეში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი