ახალი ამბები

შეზღუდული წვდომა წამლებზე და მძიმე სოციალური ყოფა — როგორ ცხოვრობენ მოხუცები საქართველოში

18 აგვისტო, 2021 • 1242
შეზღუდული წვდომა წამლებზე და მძიმე სოციალური ყოფა — როგორ ცხოვრობენ მოხუცები საქართველოში

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” [HRC] მიერ მომზადებულ ანგარიშის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სერვისებზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა ასევე, მათ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის საკითხი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში გამოკითხული 283 ხანდაზმულიდან სრული უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საკითხი. HRC-ის ცნობით, ისინი ვერ ახერხებენ საჭირო მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შეძენას და ძირითადად საკუთარი პენსიიდან უწევთ წამლების ყიდვა.

ამასთან, ხანდაზმულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მიწების რეგისტრაციის საკითხი. “ადამიანის უფლებების ცენტრის” ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მიწების რეგისტრაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხშირ შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესში გამოიკვეთება ხარვეზები, რომლის მოსაგვარებლადაც რეგისტრაციის მსურველები იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრს უნდა ესტუმრონ, თუმცა ფინანსური და ფიზიკური რესურსების არარსებობის გამო  გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ.

ანგარიში მომზადდა პროექტის ფარგლებში „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“, რომელიც მოიცავს 2021 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 აგვისტომდე პერიოდს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში- გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში -პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოჰკითხეს მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმულები.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

HRC-ის ინფორმაციით, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინივერ სარგებლობენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით და მედიკამენტებს პენსიით ყიდულობენ, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

“ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები ვერ აკმაყოფილებენ ხანდაზმულების რეალურ საჭიროებებს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, მთავრობის ეს ინიციატივა დადებითად შეიძლება შეფასდეს, სამწუხაროდ, პროგრამა არაეფექტურია. ყველა ხანდაზმული, რომელმაც “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა, აღნიშნავდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამით სარგებლობა, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ წამლების შეღავათიანი ფასით შეძენას, რომლებსაც სისტემატურად, წლების განმავლობაში მოიხმარენ”, — ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” საქართველოს მთავრობას საჯაროდ მიმართა:

  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიცვალოს მედიკამენტების ჩამონათვალი მოთხოვნადი მედიკამენტებით, რათა პროგრამა გახდეს რეალურად ეფექტიანი;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შეღავათიანი ფასით იმ მედიკამენტის შესყიდვა, რომელსაც დანიშნავს პაციენტის მკურნალი ექიმი და პაციენტი არ გახდება იძულებული, შეიძინოს ის მედიკამენტი, რომელსაც თავად სთავაზობს სახელმწიფო;
  • მიმწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა- პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი – მუნიციპალიტეტის ცენტრებში არსებული სტაციონარული აფთიაქების გარდა, უზრუნველყონ ხანდაზმულთა მხარდასაჭერად მობილური აფთიაქების არსებობა გარკვეული დროის მონაკვეთებში, რათა ხანდაზმულებმა შეძლონ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების შეძენა შორ მანძილზე გადაადგილების გარეშე.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ორგანიზაციამ აპრილში შეიმუშავა ადვოკატირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან. ორგანიზაციამ ადვოკატირების პროცესში ჩართვა შესთავაზა იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული, თუმცა, როგორც HRC იუწყება, პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებაში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ “ავერსმა” გამოთქვა.

ორგანიზაციის განცხადებით, მაისში შეხვედრა გამართეს “ავერსთან”, რომლის ფარგლებშიც გააცნეს ძირითადი პრობლემები, რასაც შიდა ქართლში მცხოვრები ხანდაზმულები აწყდებიან სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას. კერძოდ, ისინი ეფექტურად ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტებით, აქვთ ოჯახის/სოფლის ექიმებთან პრობლემები და შეზღუდული გადაადგილების გამო, განსაკუთრებით კი პანდემიისას, ვერ ახერხებენ წამლების შეძენას.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის მობილური აფთიაქების სერვისის დანერგვაზეც, რაზეც კომპანია “ავერსის” წარმომადგენლებმა რამდენიმე შემაფერხებელ გარემოებას გაუსვეს ხაზი. HRC-ის ცნობით, აღნიშნულ გარემოებებს შორის იყო ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის მხრიდან ფარმაცევტული კომპანიისთვის საჭირო ნებართვის გაცემაც.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ახსენეს შესაძლო კორუფციული სქემა, რომელშიც ფარმაცევტული კომპანიები და ოჯახის/სოფლის ექიმები არიან ჩართული.

“სამინისტროს განცხადებით, უფასო მედიკამენტების ნუსხა სრულად აკმაყოფილებს ნოზოლოგიით გათვალისწინებულ დაავადებათა მკურნალობას და პრევენციას. თუმცა ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგების გამო ექიმები საკუთარი სურვილით წერენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც არ შედის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ნუსხაში. ამ პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სამინისტრო და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

მიწის რეგისტრაციის პრობლემა

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” მოხალისეების მიერ გამოკითხულმა ხანდაზმულებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიწების რეგისტრაციის საკითხი დაასახელეს. HRC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიწების იურიდიული რეგისტრაციის პროცესი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საპილოტე პროგრამის ფარგლებში უფასოა, საჭიროა სხვადასხვა ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, რაც დროში ჭიანურდება. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეგისტრაციის მსურველებს საჯარო რეესტრში და იუსტიციის სახლებში უწევთ მისვლა, რასაც ფინანსური ან ფიზიკური რესურსის არარსებობის გამო ხანდაზმულები ვერ ახერხებენ.

ამასთან, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხარვეზებს ელექტრონულად ადგენს და თუ ეს ხარვეზები დროულად არ აღმოიფხვრა, წარმოებას წყვეტს, რაც კიდევ ერთი პრობლემაა ხანდაზმულებისთვის. კერძოდ, ქვეყანაში არ არის სრული ინტერნეტიზაცია და ხანდაზმულ ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რის გამოც თავისუფლად და სრულად ვერ სარგებლობენ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მთავრობას მოუწოდა:

  • მოახდინოს მეტი კოორდინაცია მიწის რეფორმის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ხარვეზების შემთხვევაში ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ჩართვას მოსარგებლე პირების ინფორმირების მიზნით.
  • ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატელეფონო კომუნიკაცია არამხოლოდ მესიჯით ან ინტერნეტით, რადგან ხანდაზმულთა უმრავლესობა მესიჯებს ვერ კითხულობს და არ სარგებლობს ინტერნეტით. დააჩქაროს და დროულად მოახდინოს რეფორმის განხორციელება, რაც განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებში საკუთრების უფლებას და წარმოშობს ნაკლებ სამართლებრივ დავას.
  • მოხდეს ხანდაზმულთა განსაკუთრებული საჭიროებების, ადამიანური და მწირი ფინანსური რესურსების გათვალისწინება და პროგრამა გახადოს უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ადვოკატირების ფარგლებში შეხვდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალფეროვანია, რაც ადამიანური რესურსებისა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის სიმწირით არის გამოწვეული. HRC-ის ცნობით, მერიის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ჩაერთონ პროცესებში, თუ საჯარო რეესტრი იმ ხანდაზმულებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს, ვისაც მიწის რეგისტრაციის პროცესში ხარვეზები დაუდგინდა.

ამასთან, HRC-ის თანამშრომლები შეხვდნენ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებსაც და გააცნეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ხანდაზმულთა პრობლემები. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშშია აღნიშნული, რეესტრის წარმომადგენლებმა დეტალურად მოიკვლიეს იმ ბენეფიციართა მონაცემები, ვისაც მიწის რეგისტრაციის პრობლემა აწუხებდათ. საჯარო რეესტრის მიერ მოკვლეული ინფორმაცია კი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტით მოსარგებლე კონკრეტულ ბენეფიციარებს გადასცეს.

სოციალურად დაუცველთა რეგისტრაციის ხარვეზები

ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხანდაზმულებისთვის სოციალური შემწოების მიღება იყო, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რადგან სხვადასხვა ხელის შემშლელ ფაქტორთან ერთად გარკვეული პერიოდი ტრანსპორტით გადაადგილებაც შეზღუდული იყო.

“მარტოხელა ხანდაზმულთა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ფიზიკური გადაადგილება. იმისათვის, რომ ხანდაზმულმა მიიღოს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური გასაცემელი (სოციალური შემწეობა), საჭიროა, განცხადებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს.

გამოკითხულ ბენეფიციართა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ უჭირთ განცხადებით მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რწმუნებულება ხანდაზმულებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ და ამიტომ ვერ მიმართავენ სააგენტოს განცხადებით სხვა პირის მეშვეობით, რის გამოც ხელი არ მიუწვდებათ ფულად სოციალურ დახმარებაზე. სააგენტოს არასაკმარისი ადამიანური რესურსებით (სოციალური აგენტები) ადგილზე ვერ ხდება იმ ბენეფიციარების შემოწმება, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოსგან ზრუნვას”, – ნათქვამია ანგარიშში.

HRC-ის ცნობით, ორგანიზაციამ მიმდინარე წლის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარების გზების შემუშავების მიზნით სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს მიმართა, თუმცა სააგენტოსგან მიიღო პასუხი, რომ ისინი მუდმივ რეჟიმში მუშაობენ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” სააგენტოს მოუწოდა:

  • მოხდეს მეტი კოორდინაცია და სოციალური აგენტების მობილიზება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებას და რეალური საჭიროების მქონე პირები შეძლებენ ისარგებლონ სახელმწიფო სოციალური პროგრამებით;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინერგოს განაცხადების ელექტრონულად წარდგენის მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემთ მარტოხელა/მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს, მხარდამჭერების (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის არმქონე მხარდამჭერების) საშუალებით გააკეთონ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიზიკურად წარდგენის გარეშე და მიეცეთ შესაძლებლობა, შემდგომ განაცხადი შეავსონ ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს;
  • მოხდეს ხანდაზმულთა განსაკუთრებული საჭიროებების, ადამიანური და მწირი ფინანსური რესურსების გათვალისწინება და პროგრამა გახადოს უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული.

HRC-ის ცნობით ამ მიმართვას მედიის დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხანდაზმულებს განაცხადის გაკეთება ცხელი ხაზის მეშვეობით, სააგენტოში მისვლის გარეშე შეუძლიათ.

ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ანგარიშში აღნიშნავს, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის ერთ-ერთი პრობლემა ოჯახში ძალადობაა. ცენტრის ინფორმაციით, ხანდაზმული ადამიანები ასეთ შემთხვევებში ნაკლებად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა თავიდან აიცილონ ოჯახის წევრების დაპატიმრება ან ერიდებიან საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და ხანდაზმულთა თავშესაფარში გადაყვანას.

“გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსხვერპლის გადაყვანა თავშესაფარში ეფუძნება მის გადაწყვეტილებას. მსხვერპლის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მან საკუთარი თავი არ დაიდანაშაულოს. ხანდაზმულთა უმრავლესობას ურჩევნია, თავის სახლში განაგრძოს ცხოვრება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა, გამოიძებნოს სხვა მექანიზმები, რაც ეფექტურად დაიცავს ხანდაზმულებს ოჯახში ძალადობისგან”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მიმდინარე წლის 20 მაისს “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს, იდენტიფიცირებულ ძალადობის ფაქტებსა და ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის ზოგად ტენდენციებთან დაკავშირებით.

HRC-ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვრცობა რეგიონებში, რადგან მათ არ აქვთ ინსპექტორ-გამომძიებლების ფუნქციები და შეუძლიათ მსხვერპლებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარება. ორგანიზაციის განმარტებით, ეს საშუალებას იძლევა, რომ მოიკვლიონ ძალადობის მაღალი რისკის მქონე ოჯახები და დაიწყოს მათი აქტიური მონიტორინგი.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გაცემის გარდა ერთ-ერთ ალტერნატივად შეიძლება მოძალადესთან ქცევის კორექციაზე მუშაობის განხილვა.

“მაგალითად: სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მოძალადესთან გასაუბრება და ოჯახის მონიტორინგი მოხდეს არა საგამოძიებო მოქმედებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით, არამედ მოძალადის ქცევის შეცვლისთვის კონსტრუქციულად და სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლით, რაც დაგეგმილი იქნება მოძალადესთან მუშაობის ეფექტურობის გათვალისწინებით”, – განმარტავს HRC.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხანდაზმულ მოქალაქეებში

ანგარიშის თანახმად, პანდემიის პირობებში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის პრობლემას წარმოადგენს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხიც. კერძოდ, ორგანიზაცია განმარტავს, რომ მარტოხელა ხანდაზმულებს არ აქვთ საჭირო ინფორმაცია ვაქცინაციაზე და კოვიდ-19-ის რისკებზე, ასევე მათ არ აქვთ შესაბამისი ხელსაწყოები, რის საშუალებითაც შეძლებდნენ რეგისტრაციის გავლას, მათ შორის- არც შესაბამისი ტელეფონები. ორგანიზაციის ცნობით, შიდა ქართლში გამოკითხული 286 ხანდაზმულიდან მხოლოდ 1 მათგანი იყო აცრილი.

“მნიშვნელოვანია ტექნიკურად ვაქცინაზე რეგისტრაციის ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ონლაინ პლატფორმა და ცხელი ხაზით რეგისტრაცია ეფექტური არ არის, რადგან ორივე მათგანზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ძალიან დაბალია. მით უფრო, ეს პრობლემურია მარტოდ მცხოვრები ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც უმეტესწილად, ინტერნეტიც არა აქვთ და დაუხმარებლად არც ონლაინ-პლატფორმაზე ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ. ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისთვის ჩნდება აუცილებლობა, მოიძებნოს სხვა ალტერნატიული საშუალებებიც, რაც უზრუნველყოფს სურვილის შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ვინაიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან საგანგაშოდ მაღალია”, – განმარტებულია ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა:

  • ეფექტურად აწარმოოს მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებთან და უმოკლეს ვადებში შეიძინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ევროპული და ამერიკული ვაქცინები (რომლებზეც მოთხოვნა მოსახლეობაში გაცილებით დიდია), რათა გაიზარდოს ქვეყანაში არჩევანის შესაძლებლობა.
  • გაზარდოს ვაქცინაზე რეგისტრაციის ხელმისაწვდომობა და ამ პროცესში აქტიურად ჩართოს სოფლის ექიმები და ამბულატორიები, რათა ხანდაზმულ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, აიცრას.
  • მოხსნას ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია, რაც დაეხმარება მარტოხელა ხანდაზმულებს, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად აიცრან.
  • აწარმოოს სწორი და სრულყოფილი კამპანია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” , პროექტის ფარგლებში მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავა და საქართველოს მთავრობას და პარლამენტს წარუდგინა. HRC აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ცდილობს აღნიშნული საკითხით პარლამენტის დეპუტატები დააინტერესოს და მათგან მიიღოს მხარდაჭერა, რის შემდეგაც საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში ინიციატივის სახით დარეგისტრირდება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, სახელმწიფო სრულად მოახდენს მოსარგებლეთათვის მედიკამენტების და გადაუდებელი ოპერაციების თუ სხვა სამედიცინო საჭიროებების დაფინანსებას, რათა ბენეფიციარებმა დაუბრკოლებლად ისარგებლონ ჯანდაცვის პროგრამით (არ ექნებათ ფინანსური დანახარჯი).

მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის სრულად დაფინანსება 85 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისთვის. 85+ მოქალაქეები სრულად უნდა გათავისუფლდნენ ოპერაციების თანაგადახდისგან როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სამედიცინო დაწესებულებებში. მიღებული ცვლილება გააუმჯობესებს პროგრამით მოსარგებლეების სოციალურ მდგომარეობას, შექმნის მნიშვნელოვან გარანტიებს და გაზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს შეუწყობს ღირსეული დაბერების სახელმწიფო კონცეფციის განხორციელებას”, – განმარტებულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი