ახალი ამბები

ამერიკის ინტერესები მიღწეულია, დემოკრატია ჩვენი მიზანი არ ყოფილა – ბაიდენი ავღანეთზე

17 აგვისტო, 2021 • 5355
ამერიკის ინტერესები მიღწეულია, დემოკრატია ჩვენი მიზანი არ ყოფილა – ბაიდენი ავღანეთზე

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები ავღანეთში მიღწეულია, ხოლო დემოკრატიისა და სახელმწიფოს მშენებლობა არასდროს იყო ამერიკული ინტერესების საგანი.

“ჩვენ ავღანეთში 20 წლის წინ ცხადი მიზნებით შევედით – შეგვეპყრო ისინი, რომლებიც თავს დაგვესხნენ 2001 წლის 9 სექტემბერს და დავრწმუნებულიყავით, რომ “ალ-ქაიდას” აღარ შეეძლო გამოეყენებინა ავღანეთი, როგორც ბაზა, რათა თავს დაგვსხმოდა კიდევ ერთხელ.

ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ სასტიკად დავამარცხეთ “ალ-ქაიდა” ავღანეთში. არასდროს შეგვიწყვეტია ოსამა ბინ ლადენზე ნადირობა. ეს იყო ათწლეულის წინ.

ჩვენი მისია ავღანეთში არასდროს ისახავდა მიზნად სახელმწიფოს მშენებლობას. არასდროს ისახავდა მიზნად შეექმნა ერთიანი, ცენტრალიზებული დემოკრატია.

ჩვენი ერთადერთი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი ავღანეთში დღესაც რჩება იგივე, რაც ყოველთვის იყო – ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმების პრევენცია.

მე მრავალი წლის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ჩვენი მისია ფოკუსირებული უნდა იყოს კონტრტერორიზმზე და არა აჯანყების გამკლავებასა ან სახელმწიფოს მშენებლობაზე”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გამოყვანის გადავადებით განსხვავებული შედეგი არ დადგებოდა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ სრულად აღჭურვა ავღანური ძალები იმისათვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი.

მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროები არ იბრძოლებენ ავღანეთში იმისთვის, რისი დაცვაც ზოგჯერ ავღანელ სამხედროებს არ სურთ.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთი ამერიკულმა ძალებმა დატოვეს. ქვეყანა დატოვა ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

მოკავშირეების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ დაიწყო “თალიბანისა” და სამთავრობო ძალების ბრძოლები, რაც საბოლოოდ “თალიბანის” წარმატებით დასრულდა.

15 აგვისტოს თალიბებმა აიღეს დედაქალაქი ქაბული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი