ახალი ამბები

ქართველი პარალიმპიელი დარაჯის ცემისთვის ტოკიოს პოლიციამ დააკავა

16 აგვისტო, 2021 • 2498
ქართველი პარალიმპიელი დარაჯის ცემისთვის ტოკიოს პოლიციამ დააკავა

ტოკიოს პოლიციამ სასტუმროს პერსონალზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი. ინფორმაციას Japan Times ავრცელებს.

იაპონური მედიის თანახმად, ძიუდოისტი, რომელსაც პარალიმპიადაზე ასპარეზობა მომდევნო კვირაში უნდა დაეწყო, 60 წელს გადაცილებულ დარაჯს დაესხა თავს.

წყაროს ცნობით, ათლეტი სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დარაჯმა მოუწოდა დაკავებულ ძიუდოისტსა და სხვა ქართველ ათლეტებს, ალკოჰოლის მიღების დროს ხმაური შეეწყვიტათ, რის შემდეგაც მას დაზიანება მიაყენეს.

იაპონურ მედიაში გავრცელებული ცნობით, პარალიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური პირის განცხადების მიხედვით, ძიუდოისტს პარალიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “მსგავსი ქმედება ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ ათლეტს, არამედ, ზოგადად, პარალიმპიურ მოძრაობას”.

“აღნიშნული ათლეტი, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, ვეღარ მიიღებს თამაშებში მონაწილეობას. რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის საკითხს, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება პარაოლიმპიადა და კომიტეტი დაბრუნდება საქართველოში”, — ნეტგაზეთთან ინტერვიუში აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება. მასში 4 400-მდე ათლეტი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი